პოლიტიკა

თბილისში ქართულ-თურქული ბიზნეს-ფორუმი გაიმართა

04.05.17 16:00


თბილისში გამართულ ბიზნეს-ფორუმში ათობით ქართულმა და თურქულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში.

ქართულ-თურქული ბიზნეს-ფორუმი თბილსში ოთხშაბათს ჩატარდა და მასში მონაწილეობა 22-მა თურქულმა და 100-მდე ქართულმა კომპანიამ მიიღო. ბიზნესმენებმა განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები სამშენებლო ბიზნესში, სოფლის მეურნეობასა და თანამედროვე ტექნოლოგიებში.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია მსგავს ღონისძიებებს 2005 წლიდან ატარებს. ამ პერიოდში ქართველი და თურქი ბიზნესმენების მონაწილეობით 50-ზე მეტი ფორუმი გაიმართა. ქართულ-თურქული ბიზნეს-ფორუმები სისტემატურად, წელიწადში ორ-სამჯერ იმართება.

„არაერთი ერთობლივი ფორუმი ჩავატარეთ, თუმცა, მოხარული ვარ, რომ დღევანდელი ღონისძიება ასეთი წარმომადგენლობითია. ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველო და თურქეთი სავაჭრო პარტნიორები არიან, მაგრამ სხვადასხვა მიმართულებით ამ თანამშრომლობის გაღრმავების ჯერ კიდევ დიდი პოტენციალი გაგვაჩნია. ამ ფორუმისგან ახალ შესაძლებლობებს, კავშირებს, პროექტებს ველით“, — განაცხადა საქართველოში თურქეთის ელჩმა ზეკი ლევენთ გურმუქჩუმ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

მისი თქმით, რადგან საქართველო და თურქეთი მეზობლები და სტრატეგიული პარტნიორები არიან, თანამშრომლობის ყველა მიმართულება საინტერესოა. „ჩემთვის, როგორც ელჩისათვის, საქართველო სტრატეგიული პარტნიორია. საქართველოს წარმატება კი ჩვენი წარმატებაა“, — აღნიშნა გურმუქჩუმ. ბიზნეს-ფორუმის ორგანიზატორები არიან საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია და თურქეთის საელჩო.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები