საზოგადოება

„ღამის მგლების“ წარმომადგენელი საქართველოში გამოჩნდა

04.05.17 18:15


აპრილის თვეში, დაანონსებულ ვიზიტამდე, „ღამის მგლების” ჯგუფისგან დამოუკიდებლად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ტურისტული მიზნით, სხვა ქვეყნების ბაიკერებთან ერთად, ამოსაცნობი ატრიბუტიკის გარეშე და სათანადო დოკუმენტაციით, გადმოკვეთა ერთმა პირმა, რომელიც, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, „ღამის მგლების“ ჯგუფის წევრია, — ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ „ღამის მგლები“, რომელთაც საქართველოში ჩამოსვლა სურდათ 9 მაისისადმი მიძღვნილი აქციის „გამარჯვების გზები — ბერლინისაკენ“ ფარგლებში, მესაზღვრეებმა ქვეყნის ტერიტორიაზე არ შემოუშვეს. მოგვიანებით Facebook-ის ქართულ სეგმენტში გავრცელდა „ღამის მგლების“ ერთ-ერთი ბაიკერის ფოტო თბილისის ცენტრში. შსს-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ შსს ყველა ღონისძიებას მიმართავს იმისათვის, რომ თავოდან იქნას აცილებული რაიმე სახის ინციდენტი „ღამის მგლების“ წარმომადგენლის საქართველოში ყოფნასთან დაკავშირებით.

სამინისტროს ინფორმაციით, ყოვედღიურად საქართველოს საზღვარს მშვიდობიანად, ტურისტული ან სატრანზიტო მიზნებით ათეულობით ბაიკერი კვეთს.

მოტოციკლისტმა რუსეთიდან დმიტრი ხრიპოვსკიმ ორი დღის წინ თავის Facebook-გვერდზე დაწერა, რომ საქართველოში არ უშვებენ არა მხოლოდ ბაიკერების კლუბ "ღამის მგლების" წევრებს, არამედ რუსეთიდან გამგზავრებულ ყველა მოტოციკლისტს. „დიახ, მოვიდა დადასტურება საზღვრიდან. მაისის დღესასწაულების ბოლომდე მოტიციკლისტებისთვის შესვლა საქართველოში დაკეტილია. ვინც საზღვარზე დგას, დაბრუნდნენ ვლადიკავკაზში", — დაწერა ხრიპოვსკიმ სოციალურ ქსელში. რაც შეეხება თავად ბაიკერების აქციას "გამარჯვების გზები — ბერლინისკენ", ის 27 აპრილს დაიწყო. ბაიკერებმა უკვე მოიარეს მოსკოვი, სმოლენსკი, კატინი, მინსკი, ხატინი, ვარშავა და ვროცლავი. შემდეგ მარშრუტი გადის ქალაქებზე — ბუდაპეშტი, ბრატისლავა, პრაღა, დრეზდენი და ბერლინი. ეს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი მესამე აქციაა. კლუბი ბერლინამდე სრული შემადგენლობით ვერც ერთხელ ვერ ჩავიდა. პოლონელმა მესაზღვრეებმა "უსაფრთხოებიდან გამომდინარე" ბაიკერების შეშვებაზე უარი განაცხადეს, თუმცა ცალკეულმა მოტოციკლისტები მაინც ახერხებენ ევროკავშირის ტერიტორიაზე მოხვედრას და ბერლინში ჩასვლას. კლუბი "ღამის მგლები" 1989 წელს დაარსდა. მისი უცვლელი ლიდერია ალექსანდრ ზალდოსტანოვი მეტსახელად "ქირურგი". "ღამის მგლები" მხარს უჭერენ ყირიმის რუსეთთან შეერთებას და ზოგადად, რუსეთის პოზიციას უკრაინასთან მიმართებით, რის გამოც 2014 წლის დეკემბერში აშშ-მა და კანადამ მათ ეკონომიკური სანქციები დააკისრეს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები