საზოგადოება

სუს-მა სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ერთი პირი ამხილა

10.05.17 14:15


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი წარმომადგენელი ჟინვალის ადმინისტრაციულ ერთეულში შალვა გოგოჭური ამხილეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2016 წლის ნოემბერში, აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობის დროს, შალვა გოგოჭურმა არაჯეროვნად შეასრულა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება.

„კერძოდ, შალვა გოგოჭურმა მასზე განპიროვნებული სამსახურებრივი ბეჭედი და თაბახის ფურცლებზე შესრულებული ხელმოწერები გადასცა მის თანაშემწეს - მერი მთიულიშვილს, რომელმაც 700 ლარის სანაცვლოდ დაამზადა სოფლის მეურნეობის პროდუქტის წარმომავლობის სამი ყალბი ცნობა და გადასცა მოქალაქეს, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

2016 წლის ნოემბერში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ მერი მთიულიშვილი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, შალვა გოგოჭური პასუხისგებაში მიეცა და მას წარედგინა შესაბამისი ბრალდება.

გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო“, - აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.

წყარო: ipn.ge

წაკითხულია : 55


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები