ეკონომიკა

დიმიტრი ქუმსიშვილი კორეის რესპუბლიკის სტრატეგიისა და ფინანსთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

11.05.17 15:45


ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში, კვიპროსის ქალაქ ნიქოზიაში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კორეის რესპუბლიკის სტრატეგიისა და ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, ინ-ჩანგ სონგს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოსა და კორეას შორის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა, რომ დადებითი დინამიკის მიუხედავად, არსებობს განვითარების დიდი შესაძლებლობები.

„კორეის რესპუბლიკის მთავრობა დაინტერესებულია ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობების გაღრმავებით, საქართველოში არსებული საინვესტიციო პოტენციალის ათვისებით. როგორც მოგეხსენებათ, „ნენსკრაჰესის” ერთ-ერთი ყველაზე დიდი საინვესტიციო პროექტი სწორედ კორეის თანამონაწილეობით ხორციელდება – პროექტში მონაწილეობს კორეის სახელმწიფო კომპანია „K Water”-ი. გარდა ამისა, ჩვენ ვისაუბრეთ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტსა და სამხრეთ-ჩრდილოეთის საგზაო სატრანზიტო ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტივაზე”, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

შეხვედრაზე კორეულმა მხარემ გამოხატა დიდი ინტერესი და მზაობა, რათა საქართველოში, ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში განახორციელოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტები, რომელთაც საქართველოს მთავრობა მიზანშეწონილად მიიჩნევს.

წყარო: kvira.ge

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები