ეკონომიკა

გერმანიის განვითარების მინისტრი თბილისს ესტუმრება

11.05.17 20:00


გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური მინისტრი დოქტორი გერდ მიულერი საქართველოსა და გერმანიას შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით 15 მაისს თბილისს ესტუმრება.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოში გერმანიის საელჩოდან აცნობეს, მინისტრი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს და მასთან განვითარების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს.

”იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე მინისტრი ვიცე-პრემიერ კახა კალაძესთან ერთად შეაჯამებს ერთად მიღწეულს. საქართველოს განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავასთან შეხვედრისას მინისტრი ინფორმაციას მიიღებს განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების განხორციელების პროცესებზე, რადგან ეს რეფორმები გერმანული მხარის ხელშეწყობით ხორციელდება”, - აცხადებენ საელჩოში.

მათივე ინფორმაციით, გერდ მიულერის ერთდღიანი ვიზიტი დასრულდება პროფესიულ კოლეჯ „სპექტრის“ დათვალიერებით, რომელთანაც გერმანული მხარე დიდი ხანია თანამშრომლობს. კოლეჯში მინისტრი ოფიციალურად გახსნის ახალ პროგრამას „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ ხორციელდება სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში.

1992 წლიდან გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ მხოლოდ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მეშვეობით 820 მილიონი ევრო გამოყო საქართველოსთვის, 2010 წლიდან კი ქვეყანა სამხრეთ კავკასიისთვის ტექნიკური თანამშრომლობის რეგიონალური პროგრამების ფარგლებშიც იღებს სარგებელს (273 მილიონი ევრო სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის).

”უკვე 25 წელია, რაც გერმანია და საქართველო განვითარების სფეროში თანამშრომლობენ და ეს თანამშრომლობა საქართველო-გერმანიის წლის პროგრამის ფარგლებშიც მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. 2017 საიუბილეო წელს უამრავი ღონისძიებით აღინიშნება არა მარტო პირველი გერმანელი კოლონისტების ჩამოსახლების 200 წლის იუბილე, არამედ საქართველოს მიერ 1992 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაც. 17 ივნისს აღმაშენებლის გამზირის განახლებულ საფეხმავლო ნაწილში გაიმართება „განვითარების სფეროში თანამშრომლობის დღე“, სადაც შესაძლებელი იქნება ინფორმაციის მიღება განვითარების სფეროში მომუშავე გერმანული ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ. გარდა ამისა ღონისძიებაზე გელით მრავალფეროვანი პროგრამა თამაშებით, წარმოდგენებითა და მუსიკით”, - აცხადებენ გერმანიის საელჩოში.

წყარო: ipn.ge

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები