პოლიტიკა

თინათინ ხიდაშელი: თეთრ სახლში იმაზე მეტი სიურპრიზი დაგვახვედრეს, ვიდრე ველოდით

08.06.16 15:45


საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა პირველი შეხვედრა თეთრ სახლში, ევრილ ჰეინსთან, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მოადგილესთან გამართა.

შეხვედრას აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწე ევროპის საკითხებში ჩარლზ კაპჩანიც ესწრებოდა.

როგორც თინა ხიდაშელმა განაცხადა, დღის წესრიგი უცვლელია – ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში მეტი წარმატების მიღწევა, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორობს შორის ურთიერთობებს ახალ და განსაკუთრებულ ფაზაში გადაიყვანს. ამ ურთიერთობების შედეგები კი, დროის შემჭიდროებულ ვადებში, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში იქნება გამოხატული. ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა მოახლოებული ნატოს ვარშავის სამიტის მოლოდინებზეც ისაუბრეს.

ხიდაშელის განაცხადებით, საქართველო მუდმივად გრძნობს ამერიკის ადმინისტრაციის მხარდაჭერას. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მოადგილესთან გამართული შეხვედრის მთავარი მიზანი კი საქართველოს მიმართ აშშ-ის პოლიტიკური მხარდაჭერის კიდევ უფრო გაძლიერება იყო.

„თეთრ სახლში საუბარი, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას შეეხებოდა. ძალიან კარგი ახალი ამბები გვაქვს, მაგრამ ამის შესახებ უკვე თბილისში ვისაუბრებთ მას შემდეგ, რაც დავასრულებთ შეხვედრებს თავდაცვის და სახელმწიფო დეპარტამენტში. დღევანდელი შეხვედრა თეთრ სახლში საინტერესო გამოდგა, რადგან იმაზე მეტი სიურპრიზი დაგვახვედრეს, ვიდრე ველოდით. კიდევ ერთხელ ვამბობ, საუბარი მაქვს საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების გაძლიერების ნაწილზე ორი ქვეყნის ურთიერთობების გაძლიერების ფორმატში. მინდა ხმამაღლა ვთქვა, რომ ერთობლივი, წარმატებული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ არის ამ ახალი და საინტერესო ამბების განმაპირობებელი“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

თავდაცვის მინისტრი ასევე დევიდ კრამერს შეხვდა, რომელიც 2014 წლის ნოემბრიდან მაკკეინის ინსტიტუტის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მიმართულების დირექტორია.

თავდაცვის მინისტრის ვიზიტი აშშ-შ 7 ივნისს დაიწყო და 10 ივნისს დასრულდება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია თინა ხიდაშელის შეხვედრები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდთან და ნატოს მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობაში.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 442


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები