პოლიტიკა

ხიდაშელი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საგამოძიებო ჯგუფის მუშაობას გაეცნო

10.06.16 16:00


საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ვიდეოხიდის მსვლელობისას გაეცნო საგამოძიებო ჯგუფის მუშაობის დეტალებს, რომელიც მცირეწლოვანთა გაუპატიურებაში ქართველი ჯარისკაცების შესაძლო მონაწილეობას იძიებს, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს–სამსახური.

უფრო ადრე ცნობილი გახდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაუპატიურების, მათ შორის ბავშვების, რამდენიმე შემთხვევის შესახებ, რომლებიც 2013 წლის დეკემბრიდან 2014 წლის ივნისის ჩათვლით პერიოდში მოხდა.

გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ძალადობაში მონაწილეობდნენ ფრანგი სამხედროები. გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის პრეს–მდივანმა რუპერტ კოლვილმა განაცხადა, რომ ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში ქართველი სამხედროებიც არიან ეჭვმიტანილი.

თავდაცვის მინისტრს აფრიკიდან საგამოძიებო პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ეთიოპიაში ვახტანგ ჯაოშვილმა და საერთაშორისო სამართლის ექსპერტმა, საგამოძიებო ჯგუფის წევრმა ანა ტაბიძემ მიაწოდეს.

მათი განცხადებით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ჩასული საქართველოს საგამოძიებო ჯგუფი ადგილობრივი მოსახლეობისა და სამხედროების გამოკითხვას აწარმოებს, რათა დადგინდეს, არის თუ არა სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი. გარდა ამისა, საგამოძიებო ჯგუფი რიგი საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებასაც გეგმავს.

ქართული საგამოძიებო ჯგუფი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საქმიანობას 6 ივნისიდან შეუდგა და საგამოძიებო პროცესებს ამ წუთებშიც აქტიურად აწარმოებს. საგამოძიებო ჯგუფი თავდაცვის უწყების სამხედრო პოლიციის, გენერალური ინსპექციის, ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის, საერთაშორისო ურთიერთობათა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის დეპარტამენტების წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული.

საგამოძიებო ჯგუფის შემადგენლობაში ასევე არიან მთავარი პროკურორი და დამოუკიდებელი ექსპერტი. თავდაცვის მინისტრის თხოვნით, საგამოძიებო ჯგუფს ადგილზე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო ეხმარება.

ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ სამშვიდობო მისიაში 2014 წლის შუა პერიოდიდან მონაწილეობენ.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები