საზოგადოება

საქართველოში „მდგრადი ენერგეტიკის კვირეული" დაიწყო

20.06.17 16:45


საქართველოში ორშაბათს „მდგრადი ენერგეტიკის კვირეული" დაიწყო — ყოველწლიური ღონისძიება ენერგეტიკის სამინისტროს, თბილისის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ენერგოეფექტურობის ცენტრის" ეგიდით ტარდება.

ევროპული მდგრადი ენერგეტიკის ყოველწლიური კვირეული ქვეყნის მასშტაბით ევროკავშირის „მერების შეთანხმების" ფარგლებში ტარდება. ღონისძიების ჩატარების მიზანია განახლებადი ენერგეტიკის და ენერგოეფექტურობის განვითარების მხარდაჭერა, ნათქვამია ენერგეტიკის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. „ევროპული მდგრადი ენერგეტიკის კვირეული 2017"-ის ფარგლებში იგეგმება სხვადასხვა კონფერენციების გამართვა, მათ შორის სტუდენტურის, რომლებიც მდგრადი ენერგეტიკის საკითხებს მიეძღვნება და სადაც იმსჯელებენ საზოგადოებრივი და საცხოვრებელი შენობების ენერგოეფექტურობაზე, ენერგოეფექტურობაზე მრეწველობაში, განახლებად ენერგოტექნოლოგიებზე და მათ გამოყენებაზე; ენერგოეფექტურ ან ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე და ა.შ.

ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე გადასვლა — მთელ მსოფლიოში შესამჩნევი ტენდენციაა.

ბოლო წლებში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. კერძოდ, გორში აშენდა 20 მეგავატის სიმძლავრის ქარის ელექტროსადგური „ქართლი". გარდაბანში მზის ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება.

საქართველო — აღმოსავლეთ ევროპის პირველი ქვეყანაა, რომელიც პროექტს 2010 წელს შეუერთდა, ხოლო 2014 წლიდან საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად „მერების შეთანხმების" ეროვნული კოორდინატორია. ამჟამად პროექტში მონაწილეობს მსოფლიოს 5 460 ქალაქის მუნიციპალიტეტი, მათ შორის საქართველოს 14 მუნიციპალიტეტი — თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, გორი, ფოთი, ზუგდიდი, ბათუმი და სხვები.

ევროკავშირის მიერ 2008 წელს ინიცირებული „მერების შეთანხმება" აერთიანებს ადგილობრივ და რეგიონულ მთავრობებს, რომლებიც საკუთარ თავზე ნებაყოფლობით იღებენ ენერგოეფექტურობის ამაღლებისა და განახლებადი ენერგიის წყაროების საკუთარ ტერიტორიებზე გამოყენების ვალდებულებებს.

ხელმომწერი მხარეები მიზნად ისახავენ 2020 წლისთვის 20%-ით შეამცირონ ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გაფრქვევა და ამით "მწვანე ეკონომიკის" განვითარებაში და მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები