ეკონომიკა

საქართველოში სატელეფონო კავშირის ტარიფი შემცირდება

23.10.17 20:45


საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (GNCC) მობილურ და ფიქსირებულ სატელეფონო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე ურთიერთჩართვის ტარიფი შეამცირა.

კომისიის გადაწყვეტილებით, ტარიფები ბაზარზე ეტაპობრივად უნდა შემცირდეს. კერძოდ, პირველი შემცირება იქნება 2018 წლის 1 ივლისს, ხოლო საბოლოო 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდება.

ახალი ტარიფი დადგინდა სამი მობილური ოპერატორისთვის: Magticom, Geocell და Mobitel (სავაჭრო ნიშანი "ბილაინი").

ამჟამად მობილურ ქსელში ურთიერთჩართვის ზედა ზღვრული ტარიფი გადასახადების ჩათვლით არის 3,5 თეთრი.

2018 წლის ივლისიდან ზარის დაწყება გადასახადების გარეშე იქნება 2,16 თეთრი, ხოლო ზარის დასრულება — 1,81 თეთრი. 2019 წლის იანვრიდან ზარის დაწყება იქნება 1,44 თეთრი, ხოლო დასრულება — 0,75 თეთრი.

რაც შეეხება ფიქსირებულ ქსელებში ურთიერთჩართვის ტარიფებს, ამჟამად ზედა ზღვარი გადასახადების ჩათვლით წუთში ორ თეთრს შეადგენს.

კომისიის ახალი დადგენილებით, 2018 წლის ივლისიდან ზარის წამოწყება ადგილობრივ დონეზე, გადასახადის გარეშე შეადგენს 1,04 თეთრს, ხოლო ტრანზიტულ დონეზე — 1,05 თეთრს.

ზარის დასრულება ადგილობრივ დონეზე იქნება 0,99 თეთრი, ხოლო ტრანზიტულ დონეზე — 1,01 თეთრი.

2019 წლის იანვრიდან ზარის დაწყება ადგილობრივ დონზე გადასახადების გარეშე იქნება 0,38 თეთრი, ხოლო ტრანზიტულ დონეზე — 0,41 თეთრი. ზარის დასრულება ადგილობრივ დონზე იქნება 0,28 თეთრი, ხოლო ტრანზიტულ დონეზე — 0,32 თეთრი.

ურთიერთჩართვის ტარიფი არის თანხა, რომელსაც ერთი ოპერატორი მეორე სატელეფონო კომპანიაში ზარისთვის იხდის. როგორც წესი, ტარიფის შემცირება ურთიერთჩართვაზე სამომხმარებლო ტარიფის შემცირებას იწვევს.

საქართველოში სულ, 2016 წლის მონაცემებით, დაფიქსირებულია მობილური კავშირის 5,5 მილიონი მომხმარებელი, რაც 31 აბონენტით ნაკლებია წინა წელთან შედარებით.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები