საზოგადოება

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს 23 დეკემბერს აირჩევენ

05.10.16 18:55


საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (სეოკ-ი) ახალი პრეზიდენტის არჩევნები 23 დეკემბერს გაიმართება, იუწყება ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდი.

შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის სხდომაზე მიიღეს.

სხდომის დროს პრეზიდენტის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა ორმა ადამიანმა წარადგინა: სეოკ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და სპორტის ექსპერტმა თამაზ თევზაძემ.

ხაბელოვის კანდიდატურა აღმასრულებელმა კომიტეტმა უკვე დაამტკიცა, ხოლო თევზაძემ შესაბამისი პროცედურები უნდა გაიაროს. უფრო ადრე სეოკ-ის პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრის სურვილი სპორტის დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა ირაკლი მეძმარიაშვილმა გამოთქვა. სეოკ-ის პრეზიდენტის არჩევნებზე რეგისტრაციისთვის განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 13 დეკემბერი.

სეოკ-ის პრეზიდენტს ოთხი წლის ვადით ირჩევენ. ლერი ხაბელოვი — თავისუფალი სტილით მოჭიდავე — ბარსელონის ოლიმპიური ჩემპიონია (1992), ვერცხლის პრიზიორია სეულის ოლიმპიურ თამაშებზე (1988); მსოფლიოს ხუთგზის და ევროპის სამგზის ჩემპიონია. ხაბელოვი სეოკ-ს 2012 წლის დეკემბერში ჩაუდგა სათავეში. ამ თანამდებობაზე მან გია ნაცვლიშვილი შეცვალა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 550


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები