საზოგადოება

საქართველოში ხუთი კგ მასის დრონები რეგისტრაციას დაექვემდებარებიან

27.06.17 17:00


საქართველოში უპილოტო საჰაერო ხომალდები, რომელთა ასაფრენი მასა 5 კგ-ს აღემატება, 1 სექტემბრიდან რეგისტრაციას დაექვემდებარება, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანებაში, რომელიც „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა.

უპილოტო საფრენი აპარატებიდან გადაღება ყოველწლიურად პოპულარული ხდება. მიმდინარე წლის აპრილში საქართველოს მოსახლეობა განაცვიფრა სანახაობამ, როდესაც მათ ქალაქის ქუჩებზე, სახლებსა და ხეებზე მფრინავი მამაკაცი დაინახეს, რომელიც დიდ დრონზე დამაგრებულ ჰამაკში იჯდა. მოგვიანებით როგორც გაირკვა, ჰამაკში ადამიანი კი არა, მანეკენი იყო, „პერფორმანსის“ ორგანიზატორი კი ერთ-ერთი ქართული კომპანია აღმოჩნდა.

„უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგისტრაციისა და ფრენის, აგრეთვე უპილოტო საჰაერო სისტემისა და უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის, გამოყენებისა და შეზღუდვების წესების დამტკიცების შესახებ“ ბრძანების თანახმად, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში 5 კგ-ზე მეტი ასაფრენი მასის უპილოტო საფრენი აპარატის რეგისტრაციაზე მოთხოვნები ძალაში 2017 წლის 1 ნოემბრიდან შევა.

რეგისტრაციის გავლის გარეშე უპილოტო საფრენ ხომალდებს ფრენა აეკრძალებათ. ამასთან, საფრენი აპარატი შეიძლება დარეგისტრირდეს ერთ პირზე, რომელსაც შეუსრულდა 16 წელი.

რეგისტრაცია ყოველ ორ წელში უნდა განახლდეს.

გარდა ამისა, თითოეულ დარეგისტრირებულ საფრენ ხომალდს უნდა ჰქონდეს ხუთი ციფრისგან შემდგარი ამოსაცნობი ნიშანი. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ შემოიღო შეზღუდვა ყველა უპილოტო საფრენი აპარატისთვის, სათამაშოების გამოკლებით, რომელთა წონაც 250 გრამს არ აღემატება. 1 სექტემბრიდან უპილოტო საფრენი ხომალდისთვის ფრენის მაქსიმალური სიმაღლე — 400 ფუტი (122 მეტრი), ხოლო მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე — 160 კმ/სთ იქნება. სააგენტოს სპეციალური ნებართვის გარეშე შესაძლებელია 25 კგ-მდე მასის საფრენი აპარატის გამოყენება, რომლის ფრენის დასაშვები სიჩქარეა 54 კმ/სთ. ამასთან, ის უნდა იმყოფებოდეს ჰორიზონტალურად 50 მეტრის დაშორებით ადამიანთა ჯგუფისგან, რკინიგზისა და საავტომობილო გზისგან და 6 კმ-ში ჰორიზონტალურად — აეროდრომიდან.

დანარჩენ შემთხვევაში ფრენისათვის სპეციალური ნებართვაა საჭირო. ამასთან, იკრძალება უპოლოტო საფრენი ხომალდებით ადამიანების გადაყვანა, სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა, უპილოტო საჰაერო ხომალდის დაუდევრად მართვა, რომელმაც შეიძლება სხვისი ქონების დაზიანება გამოიწვიოს. გარდა ამისა, იკრძალება ავტონომიური უპილოტო საჰაერო ხომალდის გამოყენება და ერთდროულად რამდენიმე საფრენი აპარატის მართვა. 150 კგ-ზე მეტი წონის უპილოტო საფრენი ხომალდის მართვისთვის აუცილებელია მფრინავის კატეგორიის ქონა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები