საზოგადოება

საპატრიარქო გიორგი მამალაძისთვის ზიარების შეჩერების მიზეზებს განმარტავს

29.06.17 15:25


საქართველოს საპატრიარქო ბრალდებულ გიორგი მამალაძისთვის ზიარების შეჩერების მიზეზებს განმარტავს. როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული, ქორეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი), კათოლიკოს-პატრიარქისთვის საკითხის გაცნობის შემდეგ, ციხეში დეკანოზთან შესულ სასულიერო პირებს მისცა ლოცვა-კურთხევა, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის მხრიდან გადაწყვეტილების მიღებამდე, თავი შეეკავებინათ მისი ზიარებისგან.

შემდეგ კი, მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ზიარების შეჩერება სამართლებრივად გაამყარა.

„საეკლესიო კანონიკის თანახმად, დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიეღო იმ ეპარქიის მმართველ მღვდელმთავარს, სადაც იგი მღვდელმსახურებას აღასრულებდა და ვისაც იგი კანონიკურად ექვემდებარებოდა.

როგორც ცნობილია, დეკანოზი გიორგი სამსახურებრივად დაკავშირებული იყო მცხეთა-თბილისის ეპარქიასთანაც; თუმცა, ვიმეორებთ, იგი რჩებოდა ბათუმისა და ლაზეთის იურისდიქციაში.

ვინაიდან, ამ დრომდე ზიარებასთან მიმართებაში არ იყო ცნობილი მიტროპოლიტ დიმიტრის (შიოლაშვილი) პოზიცია, ხოლო ბოლო თვეების განმავლობაში გაცხადდა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძისაგან ხდებოდა საეკლესიო იერარქიისა და სხვა პირების მიმართ ცილისმწამებლური წერილებისა და განცხადებების გაკეთება (რაც “ციანიდის საქმეს” უშუალოდ არ ეხება), ქორეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი), კათოლიკოს-პატრიარქისთვის საკითხის გაცნობის შემდეგ, ციხეში დეკანოზთან შესულ სასულიერო პირებს მისცა ლოცვა-კურთხევა, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის მხრიდან გადაწყვეტილების მიღებამდე, თავი შეეკავებინათ მისი ზიარებისგან.

ამა წლის 27 ივნისს ცნობილი გახდა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის დროებით ზიარების შეჩერება (დაცადება) მიტროპოლიტმა დიმიტრიმ სამართლებრივად გაამყარა.

დიდად ვწუხვართ, რომ უკვე ოთხ თვეზე მეტია საეკლესიო თემებით ხდება სპეკულირება, რაც მიზანმიმართული ქმედების შთაბეჭდილებას ტოვებს.

შევთხოვთ ღმერთს, მოგვანიჭოს მშვიდობა“, – ნათქვამია განცხადებაში.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები