საზოგადოება

ნინო ქათამაძე თავის 45 წლის იუბილეს ქართულ სცენაზე აღნიშნავს

05.07.17 17:40


თავის 45 წლის იუბილეს ცნობილი მომღერალი ნინო ქათამაძე, ტრადიციულად, ქართულ სცენაზე, შემდეგ კი მოსკოვში აღნიშნავს.

ქათამაძე და ჯგუფი Insight 21 აგვისტოს Black Sea Arena-ს სცენაზე გამოვლენ.

ამ სცენაზე მომღერალი წარმოადგენს საიუბილეო პროგრამას Happy Birthday. კონცერტი გაიმართება სამთავრობო პროექტის Check in Georgia ფარგლებში, რომელიც საქართველოს საერთაშორისო იმიჯის ამაღლებისკენ არის მიმართული.

ქათამაძესთან ერთად Black Sea Arena-ს სცენაზე გამოვა საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით.

საღამოში ასევე მიიღებს მონაწილეობას სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქოს გუნდი და ჯგუფი Quintessence. კონცერტის სპეციალური სტუმარია DJ Paul Trouble დიდი ბრიტანეთიდან.

სამი დღის შემდეგ, 24 აგვისტოს მომღერალი ამავე პროგრამით მოსკოვში, პარკ Красная пресня-ში გამოვა.


ნინო ქათამაძე 1972 წლის 21 აგვისტოს ქობულეთში დაიბადა. 1990 წელს ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური ინსტიტუტის ვოკალურ განყოფილებაზე ჩაირიცხა.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სხვადასხვა ჯგუფთან ერთად გამოდიოდა და მონაწილეობდა სხვადასხვაგვარ მუსიკალურ პროექტებში.

პროფესიული კარიერა ჯგუფ Insight-თან ერთად ქათამაძემ 1999 წელს დაიწყო. მომღერალი ასრულებს ჯაზის, ბლუზის და world music-ის სინთეზს, მალე მიაღწია წარმატებას როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში, ისე ევროპაში. ქათამაძე ხშირად მართავს სოლო-კონცერტებს რუსეთში. ქათამაძის მუსიკა ჟღერს კინოფილმებში "ვაშლი", "ინდი", "ქალთევზა", "გზატკეცილი М8" და სხვა.

ნინო ქათამაძე საქართველოს, რუსეთის, უკრაინისა და სხვა ქვეყნების მუსიკალურ ფესტივალებში აქტიურად მონაწილეობს.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები