საზოგადოება

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადამიანით ვაჭრობისთვის ბრალდებულს 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა

05.07.17 21:10


ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და ადამიანით ვაჭრობისთვის ბრალდებულ უზბეკეთის მოქალაქეს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. „კვირა“ საგამოძიებო უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„2017 წლის 4 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ადამიანით ვაჭრობისთვის ბრალდებული, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე რ.ა. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დანაშაულის ორ ეპიზოდში).

სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად, უტყუარად დადასტურდა, რომ რ.ა.-მ უზბეკეთიდან საქართველოში, მოტყუებით, თითქოსდა, დასაქმების პირობით, უზბეკეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე ჩამოიყვანა, ჩამოართვა უზბეკეთის მოქალაქის პასპორტები, შეუზღუდა თავისუფლად გადაადგილების უფლება, ჩააყენა მონობის თანამედროვე პირობებში. ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, ძალადობით, შანტაჟითა და იძულებით მოახდინა გადაბირება, განახორციელა მათი პროსტიტუციაში ჩაბმა და სექსუალური მომსახურების იძულებით გაწევა.

ვინაიდან, რ.ა. თავს არიდებდა გამოძიებას, მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, აღკვეთის ღონისძიების სახით, შეეფარდა პატიმრობა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.

სასამართლომ მიმალვაში მყოფი ბრალდებული რ.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – ნათქვამია განცხადებაში.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები