საზოგადოება

საქართველოში პირველი გაფართოებული ვიზუალიზაციისა და ვირტუალური რეალობის ლაბორატორია VR Lab გაიხსნება

13.06.16 19:30


საქართველოში პირველი გაფართოებული ვიზუალიზაციისა და ვირტუალური რეალობის ლაბორატორია VR Lab გაიხსნება.

ლაბორატორია შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ”კრედოს” მხარდაჭერით გაიხსნება.

”კრედოსა” და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის დღეს მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ”კრედოს” აღმასრულებელმა დირექტორმა, ზაალ ფირცხელავამ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების მიმართულებით, ნინო დვალიძემ.

ლაბორატორიით ისარგებლებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტიც.

ლაბორატორია სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს დაეხმარება სიმულაციების შექმნასა და მოდელირებაში, კვლევისა და სწავლების ვიზუალიზაციაში, მოწინავე პროგრამულ აპლიკაციებსა და მონაცემთა ვიზუალიზაციის ტექნიკებში ვარჯიშში.

”ეს არის ძალიან წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელება მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ”კრედოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის, რომელიც შარშან დაიწყო და ბავშვის განვითარების ინსიტუტში სენსორული ოთახის აღჭურვით და ტრენინგ ცენტრის ჩამოყალიბებით შემოიფარგლა. წელს ჩვენი თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა და ინოვაციების მხარდაჭერით გაგრძელდა.ბავშვის განვითარების ინსტიტუტი ისევ მხარდაჭერის ბენეფიციარია და საშუალებას მოგვცემს ეს, რომ ბავშვებისთვის ვირტუალური რეალობები შევქმნათ, რათა უზრუნველვყოთ მათი საჭირო გარემოში განვითარების შესაძლებლობა”, - განაცხადა ნინო დვალიძემ.

”კრედოსთვის” ძალიან მნიშვნელოვანია ინოვაციების მხარდაჭერა. ეს ინოვატორი ორგანიზაციაა და მსგავსი ტიპის პროექტების მხარდაჭერით ხელს ვუწყობთ ინოვაციების გავრცელებას საქართველოში, ასევე მხარს ვუჭერთ სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებს. ილიას უნივერსიტეტთან უკვე დიდი ხანია ვთანამშრომლობთ და ძალიან პოზიტიურ გავლენას ვახდენთ ვფიქრობ ამით არა მხოლოდ თბილისზე, არამედ მთელ საქართველოზე”, - განაცხადა ”კრედოს” კორპორაციული პასუხისმგებლობის მენეჯერმა ნატო ღუდუშაურმა.

როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში აცხადებენ, ლაბორატორია ხელოვნების, მეცნიერებისა და ინჟინერიის მიმართულების მკვლევრებს კვლევის სიმულაციის, მოდელირების და ვიზუალიზაციის საშუალებას მისცემს, რათა მონაცემები დიდი მასშტაბისა და მაღალი რეზოლუციის ვიზუალიზაციის მქონე ეკრანებზე და გამოსახულებით დივაისებზე გადაიტანონ.

”ვირტუალური/გაფართოებული რეალობის მოწყობილობები, პოზიციური მოძიების კამერები და სენსორები, თავზე დასამაგრებელი მონიტორები (მაგ: ოკულუსი) - ლაბორატორიის აღჭურვილობა იძლევა შესაძლებლობას, შეგრძნებების დონეზე მოდელირების ნაწილი გახდე - მაგ: იმოგზაურო მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში; კლავიატურისა და მაუსის გარეშე, საკუთარი ხელების მოძრაობით, ვირტუალურად დაამოდელირო შენობები, გააუმჯობესო ტურიზმის მარკეტინგი, შექმნა უფრო ეფექტური განათლების მოდულები; ყოველგვარი დანახარჯის გარეშე შექმნა და სასურველი შედეგის მიღებამდე ცვალო იდეების პროტოტიპი”, - აცხადებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 1126


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები