საზოგადოება

შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში სტიქიის შედეგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

08.07.17 15:05


შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ოპერატიული მართვის ცენტრში, ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ დატბორვის ფაქტებთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით, სულ 17 შეტყობინება დაფიქსირდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.

„სამეგრელო-ზემო სვანეთის (ხობი) და რაჭა-ლეჩხუმის (ონი) რეგიონებში, ადიდებული მდინარეების, ღელეებისა და ძლიერი წვიმის გამო, დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები.

შსს-ს სამაშველო ჯგუფებმა უკლებლივ ყველა შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს.

ისინი უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს და ადგილობრივებს საყოფაცხოვრებო ნივთების უსაფრთხო ადგილზე გადატანაში ეხმარებიან.

მიმდინარე წლის 7 ივლისს, 18 საათსა და 46 წუთზე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შევიდა შეტყობინება, რომ მარტვილში, ადიდებულ მდინარე აბაშისწყალში, 65 წლის მამაკაცი მსხვილფეხა პირუტყვის გამოსაყვანად შევიდა. სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 18 საათსა და 50 წუთზე უკვე შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. უბედური შემთხვევიდან ზუსტად 6 წუთში შსს-ს მაშველებმა და მყვინთავებმა მამაკაცის ცხედარი 10 მეტრის სიღრმიდან ამოიყვანეს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონულ სამმართველოში გამოძიება სსკ-ს 115-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები