საზოგადოება

ინფრასტრუქტურის აღდგენაზე წლის განმავლობაში 40 მლნ ლარი დაიხარჯა

13.06.16 20:00


საქართველოს ხელისუფლებამ 2015 წლის 13 ივნისს თბილისში მომხდარი წყალდიდობისას დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენაზე 40 მლნ ლარი დახარჯა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ორშაბათს მთავრობის სხდომაზე.

„დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად 40 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა… ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომზადდა დასკვნა იმ ზონების შესახებ, სადაც ცხოვრება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშია, რაც მომავალში რისკს აგვაცილებს“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

მთავრობამ უსახლკაროდ დარჩენილი 65 ოჯახის საცხოვრებელი ფართის ყიდვისთვის სახსრები უკვე გამოყო, აღნიშნა პრემიერმა.

„აღდგა ზოოპარკის დაზიანებული ინფრასტრუქტურა, სხვადასხვა ქვეყანამ გამოიჩინა კეთილი ნება და გადმოგვცა ცხოველები. დღეს ზოოპარკი ისევ არის ღია, როგორც ჩვენი ქალაქის, ისე სხვადასხვა კუთხის მცხოვრებლებისთვის“, — დასძინა მთავრობის მეთაურმა.

მან ისტორიული უწოდა იმ ფაქტს, რომ ერთი წლის წინ ქუჩაში, წყალდიდობის შედეგებთან ბრძოლაში დახმარებისთვის, ასობით მოხალისე გამოვიდა.

„როდესაც ასეთ მოვლენებს იხსენებ, როგორიც არის 13 ივნისი, 9 აპრილი, გიჩნდება კითხვა, მაინცდამაინც ასეთი უბედურება უნდა დაგვემართოს, რომ ადამიანებს უფრო მეტად უყვარდეთ ერთმანეთი და ასეთი ერთიანობის გრძნობა იყოს ერში. თუმცა, ნამდვილად გამამხნევებელია თითოეული ჩვენგანისთვის იმ კონსოლიდაციის შეგრძნების გახსენებაც კი“, — აღნიშნა კვირიკაშვილმა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 892


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები