საზოგადოება

სახელგანთქმული ალპინისტი რეინხოლდ მესნერი საქართველოს ეცნობა

11.07.17 14:20


მსოფლიოში სახელგანთქმული იტალიელი ალპინისტი, უამრავი წიგნის ავტორი რეინხოლდ მესნერი საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის მირე გავრცელებულ ინფორმაციაში.

კახეთის რეგიონში იტალიელ სტუმარს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უმასპინძლა.

გიორგი კვირიკაშვილმა რეინოლდ მესნერს ტურიზმის მიმართულებით არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ გასულ წელს საქართველოს 6 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია. მისი თქმით, ტურისტების რაოდენობის ზრდის ტენდენცია წელსაც გრძელდება.

მსოფლიოში პირველი მთამსვლელი რეინოლდ მესნერი, რომელმაც 1980 წელს ევერესტი ჟანგბადის აპარატის გარეშე დაიპყრო და დალაშქრა თოთხმეტივე 8000-მეტრიანი მწვერვალი, კახეთის გარდა სვანეთს, თუშეთსა და ყაზბეგს ეწვევა.

რეინოლდ მესნერმა ურთულესი ასვლების განხორციელება 13 წლის ასაკიდან დაიწყო. ამ პერიოდში იგი, თავის 11 წლის ძმასთან ერთად, ევროპის საუკეთესო მთამსვლელებში შედიოდა. მესნერი პირველია, რომელმაც მარტომ გადაკვეთა ანტარქტიდა, გრენლანდია და გობის უდაბნო. გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი წიგნი, რომლებშიც თავის მოგზაურობასა და თავგადასავლებს აღწერს. 1999-2004 წლებში იგი ასევე იყო ევროპარლამენტის წევრი.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები