საზოგადოება

სოფი ლორენი ხვალ პატრიარქს შეხვდება

13.06.16 21:10


სოფი ლორენი ხვალ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდება. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდიდან ”ნატვრის ხე” აცნობეს.

იტალიელი კინოვარსკვლავი თბილისს დღეს ეწვევა.

”მსახიობი საქართველოში ნინო სურგულაძის მოწვევით, საპატიო სტუმრის სტატუსით ჩამოვა. სოფი ლორენი, თბილისში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრს შეხვდება. ასევე, შეხვდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდი ”ნატვრის ხე”, როგორც ცნობილია, 15 ივნისს მსოფლიო პრემიერას გამართავს. მას დაახლოებით, 200-მდე უცხოელი ჟურნალისტი დაესწრება.

ჟურნალისტები ჩამოდიან ლონდონიდან, იტალიიდან, კიევიდან, რუსეთიდან, ასევე ჩამოდიან ფოტო პაპარაცებიც”, - აღნიშნავენ ფონდ ”ნატვრის ხეში”.

იტალიის ელჩის, ანტონიო ენრიკო ბარტოლის განცხადებით, მისთვის საქართველოში იტალიელი კონოვარსკვლავის მიღება დიდი პატივია.

”იტალიის ელჩისთვის დიდი პატივია, შეძლოს საქართველოში მიიღოს სოფი ლორენი, რომელიც სილამაზის სიმბოლოა. 15 ივნისის სპექტაკლი იქნება ერთიანობა კინემატოგრაფის, ბალეტის, ოპერის და ასევე, სიყვარულის. ძალიან მოხარული ვარ, რომ სოფიმ თავისი თავი ისეთ კეთილშობილ საქმეს მიუძღვნა, როგორიც არის ბავშვებისთვის დახმარება”, - განაცხადა იტალიის ელჩმა ფონდ ”ნატვრის ხის” მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდი “ნატვრის ხე“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გრანდიოზულ ღონისძიებას წარმოადგენს. 15, 17 და 18 ივნისს ახალი სპექტაკლის პრემიერა შედგება, რომელსაც მთლიანად იტალიური სადადგმო ჯგუფი განახორციელებს ნინო სურგულაძის, ნინო ანანიაშვილისა და თბილისის ოპერის საბალეტო დასის მონაწილეობით.

15 ივნისის პრემიერას იტალიელი კინოვარსკვლავი სოფი ლორენი დაესწრება, სპექტაკლს კი მისი ვაჟი, კარლო პონტი უმცროსი უდირიჟორებს.

15 ივნისის საქველმოქმედო საღამოდან შემოსულ თანხას ფონდი „ნატვრის ხე“ ბავშვების სიცოცხლის გადარჩენას მოახმარს.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 622


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები