საზოგადოება

ფაჩულია საქართველოს ღირსების ორდენით დაჯილდოვდა

17.07.17 18:55


საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი და NBA-ს კლუბ "გოლდენ სტეიტ უორიორზის" ცენტრი ზაზა ფაჩულია დაჯილდოვდება ღირსების ორდენით, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქვეყნის სახელის საერთაშორისო ასპარეზზე გატანისა და საქართველოს პოპულარიზაციისათვის ზაზა ფაჩულია ღირსების ორდენით დაჯილდოვდება.


პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ზაზა ფაჩულიას დაუკავშირდა, NBA-ს ჩემპიონობა მიულოცა და პრეზიდენტის სახელით შემდგომი წარმატებები უსურვა.

თავის მხრივ, ზაზა ფაჩულიამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს და აღნიშნა, რომ ამ სახელმწიფო ჯილდოს მიღება მისთვის დიდი პატივია.

ღირსების ორდენი — საქართველოს სახელმწიფო ჯილდოა, რომელიც 1992 წლის დეკემბერში დაწესდა და გადაეცემა სახელმწიფო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროში შეტანილი წვლილისთვის.

მანამდე ზაზა ფაჩულიას ქართული სპორტის პოპულარიზაციისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა. მას გადაეცა მოოქროვილი ფირფიტა, რომელიც ანტიკური ხანის ქართული საოქრომჭედლო ოსტატობის ერთ-ერთი ექსპონატის ასლს წარმოადგენს.

ამ სეზონზე ფაჩულია "გოლდენ სტეიტ უორიორზის" შემადგენლობაში NBA-ს ჩემპიონი გახდა და ქართული კალათბურთის ისტორიაში პირველი სპორტსმენი გახდა, რომელმაც ამერიკის ნაციონალური კალათბურთის ასოციაციის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

სექტემბერში, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, ფაჩულია კალათბურთის ევროპის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები