საზოგადოება

შსს-ს ინფორმაციით, უზნაძის ქუჩაზე მოკლული 19 წლის გოგონას ბიძაშვილი დანაშაულს აღიარებს

18.07.17 18:25


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უზნაძის ქუჩაზე 19 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 22 წლის ბიჭი, რომელიც გარდაცვლილის ბიძაშვილია, ბრალს აღიარებს.

აღნიშნულ საქმეზე შსს განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ უწყებამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა.

„შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული რ.ა., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ფოთში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 ივლისს თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში, თავის მამიდაშვილს - 1998 წელს დაბადებულ ა. ხ.-ს ცივი იარაღით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა რ.ა. მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით)“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები