საზოგადოება

შსს-მ „ჯემ ფესტის“ ტერიტორიაზე, ნარკოდანაშაულისთვის ირანის მოქალაქე დააკავა

07.08.17 20:55


განმუხურში, სადაც „ჯემ ფესტი“ მიმდინარეობს, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ირანის მოქალაქე დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი ირანის მოქალაქე „ჯემ ფესტის“ ტერიტორიაზეა დაკავებული.

შსს-ს ინფორმაციით, 1981 წელს დაბადებული ს.რ. ნარკოდანაშაულისთვის ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აიყვანეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „ლიზერგიდის“ შემცველი 6 ფირფიტა, 3 აბი „მეტადონი“, „მდმა“-ს შემცველი 2 ფირფიტა და ფირფიტის 4 ნაჭერი, 18 შეკვრად დაფასოებული მარიხუანა და 3 შეკვრად დაფასოებული გამომშრალი მარიხუანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ს.რ.-ს მარიხუანის, „მდმა“-ს და მეტადონის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-3 და მე-6 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ დაუზუსტებელი სუბსტანციის და ნივთიერების ტოქსიური ეფექტის დიაგნოზით, ბოლო დღეების განმავლობაში ზუგდიდის საავადმყოფოში რამდენიმე ადამიანი „ჯემ ფესტიდან“ გადაიყვანეს, მათგან ერთ-ერთის, 22 წლის გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები