ეკონომიკა

სამართალდამცავი სტრუქტურა მოქალაქეებზე რეპრესიების განხორციელების მანქანას წარმოადგენს - „რესპუბლიკელები“

25.08.17 18:30


"რესპუბლიკური პარტია" გუშინ, "საქართველოს რკინიგზასთან" 10 პირის და დღეს დილით, ბათუმში "თანასწორობის მოძრაობის" ორი წევრის დაკავებას ეხმიანება.

როგორც "რესპუბლიკელები" აღნიშნავენ, ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ სამართალდამცავი სტრუქტურა ქვეყნის მოქალაქეებზე რესპრესიების განხორციელების მანქანას წარმოადგენს.

"24 აგვისტოს თბილისში, “საქართველოს რკინიგზასთან” გამართულ სოლიდარობის აქციაზე, ფიზიკური დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე 10 პირი დააკავეს, მათ შორის რკინიგზის მოშიმშილე თანამშრომლებიც. რკინიგზის მაღალჩინოსანთა გადაყენების მოთხოვნით ისინი უკვე მე-11 დღეა შიმშილობენ.

ასევე გუშინ ბათუმში დააკავეს არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობის“ თანამშრომლები ლევან ბერიანიძე და თორნიკე კუსიანი. ადვოკატის თქმით, მათ ჰომოფობიურ ნიადაგზე ჯერ სცემეს და შემდეგ განყოფილებაში გადაიყვანეს, მიაყენეს ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფა.

როდესაც ქვეყანაში სამართალდამცავი სტრუქტურები ემსახურებიან ხელისუფლების ინტერესებს, როდესაც ჰომოფობია იმდენადაა სტრუქტურაში ფესვგადგმული, რომ მხოლოდ ამ მიზეზით, არსებულ სისტემას შეუძლია ადამიანები გაიმეტოს, დაუშვებელია სამოქალაქო საზოგადოების უმოქმედობა. ჩვენ, ყველამ ერთად აქტიურად უნდა ვიბრძოლოთ არსებული მახინჯი სისტემის შეცვლისთვის.
რესპუბლიკური პარტია მოითხოვს, მიეცეს სწორი სამართლებრივი შეფასება რკინიგზის ადმინისტაციის შენობის წინ აქციის მონაწილეების დაკავებისა და პოლიციის მიერ მათ მიმართ ძალის გადამეტების სავარაუდო ფაქტებს.

რესპუბლიკური პარტია გმობს ჰომოფობიას და ასევე მოითხოვს, პროკურატურამ მყისიერად დაიწყოს „თანასწორობის მოძრაობის“ თანამშრომლების დაკავების გამოძიება. დაუყოვნებლივ დადგეს იმ პოლიციელების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც ჰომოფობიის ნიადგზე მოქალაქეების შეურაცხყოფაში არიან ეჭვმიტანილი", - ნათქვამია განცხადებაში.

წყარო: /www.ghn.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები