ეკონომიკა

დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქმენეთში ორმხრივი შეხვედრები გამართა

31.08.17 21:30


საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქმენეთში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა გამართა.

დიმიტრი ქუმსიშვილი შეხვდა თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, საგარეო საქმეთა მინისტრ რაშიდ მერედოვს, მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე ესენმირატ ორაზგელდიევს და მეწარმეთა კავშირის თავმჯდომარე ალექსანდრე დადაევს.

საუბარი შეეხო სატრანსპორტო-საკომუნიკაციო, სათბობ-ენერგეტიკის და ენერგოუსაფრთხოების, აგრეთვე აგრო-სამრეწველო სფეროებში თანამშრომლობის გააქტიურებას, ორმხრივი და მრავალმხრივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებს.

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ასევე, მოლაპარაკებები გამართა თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის ფინანსური ბლოკის ხელმძღვანელებთან - მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე ბიაშიმმირატ ხოჯამამედოვთან და ფინანსთა მინისტრი გოჩმირატ მირადოვთან შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

დიმიტრი ქუმსიშვილი, ასევე, შეხვდა თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე მაქსატ ბაბაევსა და სახელმწიფო მინისტრს, სახელმწიფო კონცერნ „თურქმენგაზის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს მირატ არჩაევს. შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება სათბობ-ენერგეტიკის და ენერგოუსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის საკითხებზე გამახვილდა.

ვიზიტის ფარგლებში მოლაპარაკებები გამართა თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის წევრებთან. მხარეებმა მოკლედ მიმოიხილეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. ხაზი გაესვა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თურქმენეთის პრეზიდენტს გურბანგული ბერდიმუჰამედოვს შორის გამართული მოლაპარაკებების მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობათა გაღრმავებისათვის.

გაფართოებულ შეხვედრას დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, სააქციო საზოგადოება საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გიორგი ვაშაყმაძე.

წყარო: /www.ghn.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები