საზოგადოება

საქართველოში მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

19.09.17 19:50


საქართველო მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალისთვის ემზადება, რომელიც 24 სექტემბერი — 8 ოქტომბრის პერიოდში ჩატარდება, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.

ფესტივალის საზეიმო გახსნა 24 სექტემბერს, 11:00 საათზე რიყის პარკში გაიმართება.

ღონისძიება 25 სექტემბერს თელავში ცენტრალურ მოედანზე გაგრძელდება, სადაც სამეცნიერო პიკნიკი ჩატარდება. თბილისში ამ დღეს ღონისძიებები თსუ-ში ჩატარდება.

თბილისში ქართული ანბანის დღე 26 სექტემბერს გაიმართება, ამ დღეს გაიხსნება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენა "ქართული ხელნაწერი", რომელზეც წარმოდგენილი იქნება ქართული დამწერლობის უნიკალური ნიმუშები (X-XVII).

კიდევ ერთი სამეცნიერო პიკნიკი 27 სექტემბერს ქუთაისის ცენტრალურ პარკში გაიმართება, ამავე დღეს თბილისში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მონაწილეობით რიგი ღონისძიებები და შეხვედრებია დაგეგმილი. გარდა ამისა, თბილისში გაიმართება ინკლუზიური განათლებისადმი მიძღვნილი ღონისძიება და შშმ პირების მიერ შექმნილი სურათების გამოფენა.

ფესტივალის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სხვადასხვა პროექტების პრეზენტაციები, კონკურსები, ფილმების ჩვენებები და კონფერენციები, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი პროფესორები, ლექტორები და მეცნიერები.


29 სექტემბერს სამეცნიერო პიკნიკს ბათუმი უმასპინძლებს. ამ დღეს თბილისში ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი გაიმართება, ხოლო თსუ-ში SMART|AtmoSim-Lab-ის ლაბორატორია გაიხსნება.

30 სექტემბერს სამეცნიერო პიკნიკი გორში ჩატარდება, თბილისში კი სამეცნიერო საკითხებისადმი მიძღვნილი სხვადასხვა კონფერენციები და დისკუსიები გაიმართება. 2 ოქტომბერს სამეცნიერო პიკნიკი ახალციხეში გადაინაცვლებს.

3 ივნისს აგრარული მეცნიერების დღეს თბილისი უმასპინძლებს, ხოლო 4 ოქტომბერს სამეცნიერო პიკნიკი სენაკში ჩატარდება.

ლადო ასათიანი იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება თბილისში 5 ოქტომბერს გაიმართება.

6 ოქტომბერს კი გარემოს დაცვის საკითხებით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ ეკოლოგიის საკითხებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრონ.

საქართველოში მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი პირველად გასულ წელს ჩატარდა.

ფესტივალის მიზანია სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების პოპულარიზაცია, ქართველ და უცხოელ მკვლევართა მიღწევების გაცნობა ფართო საზოგადოებისათვის, ამ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, სამეცნიერო მუშაობაში სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების ჩართვა.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია ღონისძიების Facebook-გვერდზე.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები