საზოგადოება

ზურაბ სოტკილავას მოსკოვსა და თბილისში გამოემშვიდობებიან

19.09.17 21:45


გამოჩენილ საოპერო მომღერალ ზურაბ სოტკილავასთან გამომშვიდობების ცერემონია თბილისსა და მოსკოვში გაიმართება.

მოსკოვში არტისტთან გამომშვიდობების ცერემონია დიდი თეატრის ისტორიულ შენობაში 20 სექტემბერს გაიმართება, ნათქვამია თეატრის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სამოქალაქო პანაშვიდი მოსკოვის დროით 11:00 საათზე გაიმართება.

როგორც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში „Sputnik საქართველოს" განუცხადეს, თბილისში ზურაბ სოტკილავას 21 სექტემბრის ღამით გადმოასვენებენ.

„თბილისის აეროპორტში ღამის 02:00 საათზე სოტკილავას ცხედარს საპატიო ყარაული დახვდება, საიდანაც მის სახლში (აბულაძის ქუჩა 34, l სადარბაზო) გადაასვენებენ. პანაშვიდები ოჯახში პარასკევამდე გაიმართება", — განაცხადეს სამინისტროს პრეს-სამსახურში.

სამოქალაქო პანაშვიდი შაბათს, 23 სექტემბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება (დრო ზუსტდება).

ზურაბ სოტკილავას დაკრძალვის ადგილისა და თარიღის შესახებ ზუსტი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

საბჭოთა კავშირისა და საქართველოს სსრ სახალხო არტისტი, დიდი თეატრის სოლისტი ზურაბ სოტკილავა ორშაბათს, 18 სექტემბერს მოსკოვში 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სოტკილავა ს 1937 წლის 12 მარტს სოხუმში დაიბადა.

1960 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, 1965 წელს კი თბილისის კონსერვატორია. სტაჟირება „ლა სკალაში" გაიარა, სადაც მოამზადა ჰერცოგის პარტია ვერდის „რიგოლეტოდან", ხოსეს პარტია ბიზეს „კარმენიდან", ტურიდუს პარტია მასკანის „სოფლის პატიოსნებიდან".

1970 წელს ზურაბ სოტკილავა და ელენა ობრაზცოვა პირველი საბჭოთა მომღერლები გახდნენ, რომლებიც ბარსელონაში ვინიასის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსზე გამოვიდნენ. ორივე შემსრულებელმა ოქროს მედალი დაიმსახურა და ესპანეთში დარჩენის შეთავაზებაც მიიღეს.

იმავე წელს სოტკილავამ ჩაიკოვსკის სახელობის კონკურსზე მოსკოვში მეორე პრემია მიიღო.

ტენორის დებიუტი დიდ თეატრში 1973 წელს შედგა. სოტკილავამ ხოსეს პარტია იმღერა.

1974 წელს ის თეატრის საოპერო დასის წევრი გახდა. 1976–1988 წლებში მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგი იყო. რამდენიმე წლის შემდეგ, 2002 წელს კვლავ განაახლა პედაგოგიური მოღვაწეობა მოსკოვის კონსერვატორიაში.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები