საზოგადოება

საქართველოს კულტურის მინისტრი სომხეთს ეწვევა

20.09.17 14:30


საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი განაგრძობს მეზობელ ქვეყნებში არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მონახულებას, შეფასებასა და ძეგლების სარეაბილიტაციო გეგმის სამუშაოებს — ამჯერად მიხეილ გიორგაძე სამუშაო ვიზიტით სომხეთს ეწვევა.

მიხეილ გიორგაძის ვიზიტი სომხეთში 2017 წლის 20 სექტემბერს დაიწყება და 22 სექტემბერს დასრულდება.

დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იქნებიან კულტურის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე.

როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ გიორგაძე დელეგაციის წევრებთან ერთად მოინახულებს სომხეთის ტერიტორიაზე არსებულ ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს — ახტალისა და ოძუნის სამონასტრო კომპლექსებს.

დაგეგმილია ასევე, საქართველოს კულტურისა მინისტრის შეხვედრა სომეხ კოლეგა არმენ ამირიანთან. შეხვედრის დროს, მხარეები განიხილავენ ქვეყნებს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებს, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის გეგმებს.

გარდა ამისა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები სომეხ კოლეგებს შეხვდებიან. ამ შეხვედრაზეც საუბარი შეეხება ორ ქვეყანაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობისა და კონკრეტული სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბების შესახებ.

კულტურის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ქართული მხარის ვიზიტი ერევანში სომხეთის დამოუკიდებლობის დღეს ემთხვევა. დელეგაცია ამ დღისადმი მიძღვნილ სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებას დაესწრება. მათ შორისაა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული პროგრამის "კულტურული მემკვიდრეობა ბავშვებს" პრეზენტაცია. პროექტი გულისხმობს სხვადასხვა თემატური გაკვეთილების ციკლს, რომლის მიზანიცაა კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია სომეხ მოზარდებს შორის და მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ასევე, ქართული დელეგაციის შეხვედრა სრულიად სომხეთთა კათალიკოს-პატრიარქთან გერეგინ მეორესთან.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები