საზოგადოება

საქართველოს სკოლებში სახელმძღვანელოების 60% განახლდა

21.09.17 14:55


საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წლისთვის სახელმძღვანელობის 60% მთლიანად განახლდა, წიგნების 40% კი, მოსწავლეებს უფროსკლასელებისგან ერგოთ, განაცხადა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველმა მოადგილემ გიორგი შალუტაშვილმა.

ზოგიერთი მშობელი გამოხატავს უკმაყოფილებას იმ სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით, რომლებსაც სკოლებში არიგებენ. მათი თქმით, ბავშვებს ხშირად ურიგებენ სახელმძღვანელოებს უმსგავსო მდგომარეობაში, რომლებსაც ფურცლები აკლია.

„კანონით განსაზღვრულია კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც საჯარო სკოლამ უნდა შეაფასოს წიგნის ვარგისიანობა. სკოლებს ეს მონაცემები შეჰყავთ სამინისტროს სპეციალურ ბაზაში, რომლის მიხედვითაც ვიგებთ თუ კონკრეტულ სკოლას, რა რაოდენობის ახალი სახელმძღვანელო სჭირდება. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როდესაც საჯარო სკოლების მიერ ბაზაში შეტანილი ინფორმაცია არ არის სწორი, რაც შემდგომში იწვევს ნაკლოვანებებს, ზოგიერთ მოსწავლეს ხვდება იმდენად ნახმარი წიგნი, რომ მშობელს პრეტენზია უჩნდება", — განაცხადა შალუტაშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხის ეთერში.

მისი თქმით, ეს პრობლემა არ დარეგულირდება, თუ საჯარო სკოლამ არ შეასრულა ის მოვალეობა, რაც მას აქვს დაკისრებული და სათითაოდ არ გადაფურცლა ყველა სახელმძღვანელო.

საქართველოს განათლების სამინისტრომ ახალი სასწავლო წლისთვის 7,8 მილიონზე მეტი წიგნი შეიძინა. საჯარო სკოლებში სახელმძღვანელოები უფასოდ რიგდება.

სასწავლო პროცესი საჯარო სკოლებში 15 სექტემბერს დაიწყო.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები