საზოგადოება

მეტროსადგური "ვაჟა-ფშაველა" სამი დღით დაიკეტება

27.09.17 19:25


მეტროსადგური "ვაჟა-ფშაველა" 29 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით მგზავრებს ვერ მოემსახურება, ნათქვამია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

ამ პერიოდში მატარებლები სადგურ "დელისამდე" იმოძრავებენ. შეზღუდვა ახალი სადგურის, "სახელმწიფო უნივერსიტეტის" სატესტო რეჟიმში ამოქმედებას უკავშირდება, რომელიც ითვალისწინებს ძველი და ახალი სისტემების სამონტაჟო-საინჟინრო სამუშაოების ჩატარებას.

ახალი სადგურის გახსნა ოქტომბრის დასაწყისში იგეგმება.

"გადაადგილებისას შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, მგზავრებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ სპეციალურად დანიშნული ავტობუსებით, რომლებიც იმოძრავებენ მეტროსადგური "დელისიდან" ვაჟა-ფშაველას გამზირის გავლით, სანდრო ეულის ქუჩის მიმართულებით", — აღნიშნულია განცხადებაში.

რიგით 23-ე მეტროსადგურის მშენებლობა 22 წლის განმავლობაში დაკონსერვებული იყო.

სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის ივლისში განახლდა. მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" მშენებლობა, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისი მშენებლობა დაახლოებით 84 მილიონი ლარი დაჯდა.

საქართველოს დედაქალაქში მეტრო 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში რიგით მეოთხე იყო — მოსკოვის, პეტერბურგისა და კიევის შემდეგ.

თბილისის მეტროპოლიტენის ბოლო სადგური 2000 წელს გაიხსნა. ამჟამად თბილისში 22 მეტროსადგური ფუნქციონირებს, რომელიც 2 ხაზზეა განლაგებული — ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზი. მეტროპოლიტენის ხაზების საერთო სიგრძე 56 კილომეტრია.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები