საზოგადოება

„საპარტნიორო ფონდს“ K-Water-ის ვიცე-პრეზიდენტი ეწვია

28.09.17 16:15


„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ ფონდში სამხრეთ კორეული უმსხვილესი წყლის რესურსების კორპორაცია „K-Water“-ის ვიცე-პრეზიდენტი ვონ ჩეოლ პარკი, ბიზნეს დეპარტამენტის გენერალური მენეჯერი ჰიანგ ჩინ კინი და Nenskra Hydro-ს უცხოური ბიზნეს სამმართველოს გენერალური მენეჯერი მიიღო. „საპარტნიორო ფონდში“ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ იმსჯელეს და პროექტის განხორციელების დეტალები განიხილეს. „K-Water“-ის ხელმძღვანელმა პირებმა ქვეყნის მთავრობასა და „საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტს პროექტის ეფექტიანი ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადეს. სამუშაო შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ ყველაზე დიდი საინვესტიციო პროექტის ნენსკრაჰესის მშენებლობის პროცესი დაჩქარებული ტემპით გაგრძელდება.

„K-Water“-ის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი იმ შეხვედრის სწრაფი გამოძახილია, რომელიც სამხრეთ კორეაში „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის საქმიანი ვიზიტის ფარგლებში ქალაქ დეიჯიონში „K-Water“-ის სათავო ოფისში შედგა. დავით საგანელიძე კორეაში „K-Water“-ის პრეზიდენტს ჰაკ-სოო ლი-ს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის შემდგომი ეტაპებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. 280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურს „საპარტნიორო ფონდი“ პარტნიორ კორეულ კომპანია K-Water-თან ერთად სვანეთში, ენგურის შენაკადზე აშენებს, რომლის პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ/სთ იქნება.

სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტი საბოლოოდ 2021 წელს დასრულდება. მშენებლობას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული უმსხვილესი იტალიური კომპანია Salini Impregilo ქართულ კონტრაქტორ სამშენებლო კონსორციუმთან GCC ერთად ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლრდ აშშ დოლარია. საბანკო სესხის კომპონენტში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), აზიის განვითარების ბანკი (ADB) და კორეის „ექსიმბანკი“ მონაწილეობენ.

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი სამხრეთ კორეაში ვიზიტის ფარგლებში, აზიის წყლის საბჭოს მიერ ორგანიზებულ აზიის საერთაშორისო წყლის კონფერენციას დაესწრო, რომელიც ქალაქ გიონჯუში შედგა. აზიის წყლის საბჭოს „K-Water“-ის პრეზიდენტი ჰაკ-სოო ლი ხელმძღვანელობს. კონფერენციას სახელწოდებით „აზიური გადაწყვეტილებები წყლისთვის“ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები დაესწრნენ. კონფერენციის მთავარი თემები წყლის რესურსის გამოყენების შესახებ მოსაზრებების გაცვლა, ასევე, საუკეთესო პრაქტიკისა და სამოქმედო გეგმის გაზიარება იყო. დავით საგანელიძემ სამხრეთ კორეაში საქმიანი ვიზიტის ფარგლებში, ასევე, K-Water-ის ინტეგრირებული წყლის რესურსების მართვის ცენტრი მოინახულა.

„K-Water“-ის შესახებ: სამხრეთ კორეული წყლის რესურსების კორპორაცია „K-Water“-ი 20 მლრდ აშშ დოლარის ჯამურ აქტივებს ფლობს და მისი წლიური ბრუნვა 1.7 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. კორპორაცია 1967 წელს დაარსდა და უკვე ორმოცდაათი წელია ეროვნული წყლის რესურსებს მართავს და კორეის დიდი ნაწილს ამარაგებს, რითიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე ზრუნავს. ასევე, კორპორაცია კაშხლებს, ნაპირდამცავს, წყალმომარაგების სისტემებს და ნაგებობებს ფლობს. გარდა სამხრეთ კორეისა, „K-Water“-ი საერთაშორისო პროექტებს სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებს.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები