საზოგადოება

ბიზნესმენის მკვლელობისთვის ბრალდებულებს 19 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

28.09.17 19:45


თბილისის საქალაქო სასამართლომ 2015 წელს "კუს ტბის" კომპლექსის ყოფილი მფლობელის, ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო ოლეგ დოევი და ფარიდ გურბანოვი და თითოეულს დაუსწრებლად 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ხარძიანი 2015 წლის 28 მარტს საკუთარი სახლის სადარბაზოში სასიკვდილოდ დაჭრეს.

სასამართლო განხილვისას შეისწავლეს სამხილები, რომლებმაც დაადასტურა, რომ გურბანოვი და დოევი საქართველოში 2015 წლის 13 იანვარს ჩამოვიდნენ. ამასთან, პირველს უკრაინის მოქალაქის ყალბი პასპორტი ჰქონდა ალექსანდრ დამეტოვის სახელზე, აღნიშნულია საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

მათ თბილისში, პეკინის გამზირზე იქირავეს ბინა, შეიძინეს "ჰონდას" მარკის მოპედი (სკუტერი), ჩაფხუტი, კუსტარული წესით დამზადებული მაყუჩის მქონე "მაკაროვის" სისტემის პისტოლეტი საბრძოლო ვაზნებით, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ კონსპირაციულად და სისტემატიურად აკონტროლებდნენ ბესარიონ ხარძიანის მოძრაობის მარშრუტს მკვლელობისთვის ხელსაყრელი დროის შესარჩევად.

ბრალდებამ დაამტკიცა, რომ 28 მარტს ხარძიანი, რომელსაც ფარიდ გურბანოვი ფარულად უთვალთვალებდა, მივიდა მარაბდის ქუჩაზე მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლთან. ფარიდ გურბანოვი მას შეჰყვა სადარბაზოში მაყუჩიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან ბესარიონ ხარძიანის მიმართულებით განახორციელა სამი გასროლა, მათ შორის ერთი საკონტროლო თავის არეში.

ფარიდ გურბანოვმა და ოლეგ დოევმა სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით იმავე დღეს დატოვეს საქართველო, სასამართლო განხილვისას დაიკითხა 50-მდე მოწმე, გამოკვლეული იქნა 9 ტომად წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები. ამის საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ ფარიდ გურბანოვმა და ოლეგ დოევმა ჩაიდინეს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული.

სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის პოზიცია როგორც კვალიფიკაციის, ასევე სასჯელის ნაწილში და საბოლოოდ ბრალდებულებს, ფარიდ გურბანოვს და ოლეგ დოევს 19-19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ოლეგ დოევი და ფარიდ გურბანოვი იმალებიან და მათზე გამოცხადებულია ძებნა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები