ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკა საგარეო ვაჭრობის ხარჯზე იზრდება

30.09.17 15:10


აგვისტოში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანწილად განაპირობა საქართველოს საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებულმა მონაცემებმა და პროდუქციის ექსპორტის ზრდამ, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ.

2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2017 წლის აგვისტოში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 4,3%-ს შეადგენს, ხოლო 2017 წლის იანვარ-აგვისტოში საშუალო რეალურმა ზრდამ 4,7 % შეადგინა, ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მასალებში.

2017 წლის აგვისტოში ფეროშენადნობის ექსპორტი გაიზარდა 134%-ით; აზოტოვანი სასუქების ექსპორტი — 84%-ით; სამკურნალო საშუალებების — 65%-ით; ღვინის ექსპორტი — 58%-ით; სპირტიანი სასმელების — 29%-ით; მინერალური წყლების ექსპორტი — 23%-ით, განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

„2017 წლის 8 თვეში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტი 28.5%-ით არის გაზრდილი და და 1 682,8 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. ექსპორტის ზრდა მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და შესაბამისად ექსპორტირებულ საქონელზე მოთხოვნის ზრდასთან", — განაცხადა ჯავახაძემ.

მისი თქმით, საერთაშორისო ვაჭრობის გარდა, 2017 წლის აგვისტოში გაუმჯობესდა ზრდის ხელშემწყობი სხვა ფაქტორებიც, მათ შორის 15%-ით გაიზარდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი და მისმა მოცულობამ 121,8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

„ფულადი გზავნილები შიდა მოთხოვნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, შესაბამისად მისი ზრდა დადებითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე", — აღნიშნა ჯავახაძემ.

ჯავახაძემ აღნიშნა პოზიტიური ტენდენცია მომსახურების ექსპორტის კუთხითაც — აგვისტოში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები წლიურად 33,6%-ით (92.9 მლნ. აშშ დოლარით) გაიზარდა და 390,9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ზრდის ფაქტორებს შორის ჯავახაძემ გამოჰყო საწარმოების ბრუნვა, რომელიც აგვისტოში 14%-ით გაიზარდა.

„საგარეო შოკების გადალახვის ტენდენცია და ასევე მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები დადებითად აისახება საინვესტიციო გადაწყვეტილებებზეც, რომელმაც ასევე პოზიტიური გავლენა მოახდინა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე", — აღნიშნა ჯავახაძემ.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და სუვერენული სარეიტინგო კომპანიების პოზიტიური შეფასებები საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე უფრო ზრდის ინვესტორთა ნდობას, აღნიშნა ნინო ჯავახაძემ.

მიმდინარე წელს დაგეგმილია 4%-იანი ეკონომიკური ზრდა. 2016 წელს რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2,2% შეადგინა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები