საზოგადოება

გერმანიაში ქართული კინემატოგრაფის დღეები იმართება

03.10.17 19:15


ბერლინში 1-19 ოქტომბერს ქართული კინოს დღეები იმართება — ფირები რეტროსპექტივისთვის წარმოადგინა ბერლინის კინოსა და ვიდეოინდუსტრიის ინსტიტუტმა „არსენალი".

როგორც საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი იუწყება, ღონისძიება ქართულ-გერმანული საიუბილეო წლის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც ეძღვნება ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 და საქართველოში გერმანული დასახლების გაჩენიდან 200 წლისთავს.

„მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდან „არსენალის" დამფუძნებლებს ერიკა და ულრიხ გრეგორებს ქართულ კინოსთან განსაკუთრებული დამოკიდებულება აკავშირებთ. მათი შეფასებით, ქართული კინოფენომენი მსოფლიოს კინემატოგრაფში გამორჩეულია. გერმანული „არსენალი" რუსული „გოსფილმოფონდის" შემდეგ მსოფლიოში სიდიდით მეორე კინოფონდია, რომელიც ქართულ ფილმებს იცავს. არსენალის არქივში ქართველი რეჟისორების 130 ფილმი ინახება", — ნათქვამია კინოცენტრის განცხადებაში.

სპეციალურად რეტროსპექტივისთვის ინსტიტუტმა „არსენალმა" სამი ქართული კინოსურათი აღადგინა, ასევე გადაიტანა ციფრულ ფორმატში.

ეს ფილმებია: მერაბ კოკოჩაშვილის „დიდი მწვანე ველი", (1967), ლანა ღოღობერიძის „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე" (1978), დიტო ცინცაძის „ზღვარზე" (1993).


სამივე ფილმის პრეზენტაცია ოქტომბერში კინოთეატრ „არსენალში" რეჟისორებთან ერთად გაიმართება.

რეტროსპექტივის პროგრამაშია ასევე ოთარ იოსელიანის ბოლო ფილმი CHANT D"HIVER (2015). გერმანული საზოგადოება ასევე ნახავს ნუცა ღოღობერიძისა და სალომე ალექსი-მესხიშვილის ნამუშევრებსაც.

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება დისკუსიები მოწვეული სპეციალისტების მონაწილეობით, სადაც ქართული კინემატოგრაფის განვითარებაზე იმსჯელებენ.

ბერლინში ქართული ფილმების ჩვენება ეროვნული კინოცენტრისა და „არსენალის" ინიციატივითა და ორგანიზებით ტარდება. რეტროსპექტივის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები