საზოგადოება

კონფლიქტი საჯარო სკოლაში - პედაგოგები სკოლის დირექტორის გათავისუფლებას ითხოვენ

24.10.17 19:30


თბილისის №67-ე საჯარო სკოლის პედაგოგები სკოლის დირექტორის გათავისუფლებას და გათავისუფლებული ქიმიის მასწავლებლის თანამდებობაზე აღდგენას მოითხოვენ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ერთი კვირის წინ შესაბამისმა უწყებებმა №67-ე საჯარო სკოლაში შექმნილი კონფლიქტის რეალური მიზეზების დადგენა დაიწყეს, სადაც მოსწავლეებისა და მშობლების ნაწილი ქიმიის მასწავლებელს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

სამშაბათს სკოლის ეზოში მასწავლებლები შეიკრიბნენ, რომლებიც ქიმიის მასწავლებელ დოდო კეზუას უჭერენ მხარს. სკოლის დირექტორმა მარიამ თალაკვაძემ კეზუა სამსახურიდან 23 ოქტომბერს გაათავისუფლა.

ერთ-ერთმა პედაგოგმა პროტესტის ნიშნად გაკვეთილების ჩატარებაზე უარი განაცხადა.

„ჩვენ, მასწავლებლებს, რომლებმაც ხმა არ მივეცით იმ კანდიდატებს, რომლის ნახვაც დირექტორს სურდა სამეურვეო საბჭოში, საათები შეგვიმცირეს და კლასები ჩამოგვართვეს. ჩვენ სამინისტროს მივმართეთ. არჩევნების შემდეგ სამეურვეო საბჭო ჩვენზე ზეწოლას ახდენს, დაიწყეს ჩვენი დისკრიმინაცია. ვფიქრობ, რომ სახალხო დამცველის აპარატი დაადგენს ყველაფერს", — განაცხადა მასწავლებელმა ცირა ნაყეურმა.

გარდა ამისა, პედაგოგები ირწმუნებიან, რომ დირექტორს მასწავლებლის გათავისუფლების უფლება არ ჰქონდა, რადგანაც ის ბიულეტინზე იმყოფება.

განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახურმა უკვე შეისწავლა დირექტორის საქმიანობა, გარდა ამისა, უწყებამ შიდა გამოძიება ჩაატარა და გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში გაასაჯაროებს.

Rustavi2-ის ინფორმაციით, აუდიტის სამსახურმა სერიოზული დარღვევები გამოავლინა, მათ შორის, ფინანსებთან დაკავშირებული. ადრე კეზუამ განაცხადა, რომ დირექტორმა მისი დევნა აუდიტის სამსახურის დასკვნის გამო დაიწყო, რომელსაც განცხადებით სკოლის რამდენიმე პედაგოგმა მიმართა, რომ დირექტორი არაადეკვატურია.

რაც შეეხება კეზუას მისამართით ბრალდებას, საქართველოს შსს-მ №67-ე საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობლის (ეროვნებით აზერბაიჯანელი) საჩივრის საფუძველზე საქმე აღძრა.

სისხლის სამართლის საქმე „ძალადობის" მუხლით აღიძრა, რაც თავისუფლების შეზღუდვას ორ წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით ითვალისწინებს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კეზუამ გოგონას შეურაცხყოფა ეროვნული ნიშნით მიაყენა და ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას.

მოსწავლეების ნაწილმა სკოლის ეზოში საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ამტკიცებენ, რომ ქიმიის მასწავლებლის მხრიდან არანაირი ძალადობის ფაქტი არ შეიძლება მომხდარიყო, ეს სხვა არაფერია, თუ არა პირადი დაპირისპირება მასწავლებელსა და სკოლის დირექტორს შორის.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები