საზოგადოება

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, ქვევრის დაზიანების ფაქტზე, უმკაცრეს რეაგირებას მოითხოვს

20.11.17 16:40


„საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მონიტორინგის სამსახურის ჯგუფი უკვე გაემართა ბათუმში, რათა ადგილზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის აჭარის სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, შეისწავლონ ვითარება“, – ამის შესახებ „კვირას“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურიდან აცნობეს.

„ჩვენი სამსახურის აჭარის სააგენტო უკვე იმყოფებოდა ადგილზე და მოიპოვეს მასალა, უკვე წერენ აქტს დაზიანების შესახებ, საქმის კურსშია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ისევე როგორც, ჩვენი სააგენტო. ჩვენ ვიშუამდგომლებთ, რომ ეს საქმე მოხვდეს სამართალდამცველ უწყებებში. ჩვენი სპეციალური ანგარიშის საფუძველზე, მიმართვის ტექსტს დღესვე გავაგზავნით. მოვითხოვთ, რომ რეაგირება იყოს უმკაცრესი, რადგან ეს იყო მიზანმიმართული და შეგნებული ქმედება, რათა დაეზიანებინათ არქეოლოგიური ფენა. ჩვენი კატეგორიული პოზიციით დაუშვებელია, ვინმეს ჰქონდეს მსგავსი ტიპის დამოკიდებულება კულტურულ მემკვიდრეობასთან და, ზოგადად, არქეოლოგიურ გამოვლინებებთან ნებისმიერი ფორმით. ცხადია, სათანადო მოპყრობაა საჭირო“, – აღნიშნავენ სააგენტოში.

კითხვაზე, რამდენად განეკუთვნება ქვევრი მე-11 საუკუნეს, სააგენტოში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით ნაადრევია ამაზე საუბარი. „ადგილზე კონკრეტულად რა არქეოლოგიურ აღმოჩენაზე შეიძლება ლაპარაკი, ალბათ უახლოეს ერთ დღეში თუ არა, ორ დღეში დადგინდება მისი სავარაუდო წარმომავლობის ვადა და პერიოდიც. დეტალებს შემდგომში მოგახსენებთ, სააგენტოს და ზოგადად, კუტურისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოსაც ექნება შეურიგებელი პოზიცია მსგავსი ტიპის ქმედებებთან“, – განუცხადეს „კვირას“ კულტურული დაცვის ეროვნულ სააგენტოში.

ბათუმში, თამარის დასახლებაში, სადაც შემთხვევით აღმოჩენილი ქვევრი, რომელიც მუშამ ჯერ ქვით დაამტვრია, შემდეგ კი – ექსკავატორით გატეხა, სარეაბილიტაციო სამუშაოები უკევ შეჩერებულია.

არქეოლოგმა ამირან კახიძემ ამ ფაქტს ბარბაროსობა უწოდა და ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ აღნიშნული ქვევრი ბათუმის ისტორიის უძველეს ეტაპს ასახავს. „ქვევრი შესაძლებელია მე-11 საუკუნისაც იყოს. ასეთ დროს ჩვენი სპეციალისტებისთვის უნდა ეცნობებინათ, რომ სამუშაოებს იწყებდნენ. ადრე ამას კანონიც მოითხოვდა“, – ამბობს პროფესორი ამირან კახიძე.

შემთხვევა ბათუმში გუშინ მოხდა. როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, ზემოხსენებული ფაქტის დაფიქსირების შემდეგ, სამუშაოები შეწყდა. სპეციალისტები ტერიტორიას შეისწავლიან.

ბათუმში, თამარის დასახლებაში, საკანალიზაციო სისტემის სამუშაოებისას, კომპანია “ფაიფერი და გზის” თანამშრომლებმა, გათხრების შედეგად ქვევრი აღმოაჩინეს, რაც მუშებმა ჯერ ქვით დააზიანეს, შემდეგ კი მძიმე ტექნიკით დაამსხვრიეს.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები