ეკონომიკა

2018 წლის თბილისის ბიუჯეტი 60 მილიონი ლარით გაიზრდება

27.11.17 15:40


ფინანსთა სამინისტროში საქართველოს ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძესა და დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს შორის სამუშაო შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული ძირითადი პარამეტრები და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს.

როგორც აღინიშნა, 2018 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტის ფორმირებაზე მუშაობა გრძელდება, რომელშიც მომავალი წლისთვის თბილისისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტული მიმართულებები და ის პროექტები აისახება, რომლებიც დედაქალაქის განვითარებისთვისაა აუცილებელი.

„დღეს გვქონდა შეხვედრა დედაქალაქის ხელმძღვანელობასთან. როგორც მოგეხსენებათ, ქალაქის მერიას ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განსახორციელებელი 2018 წლისთვის.

საქართველოს მთავრობამ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, შეისწავლა აღნიშნული პროექტები და მიღებულია გადაწყვეტილება, ქალაქ თბილისში განსახორციელებელი პროექტების ბიუჯეტი გაიზარდოს დაახლოებით 60 მლნ ლარით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აქვს შესაძლებლობა, განახორციელოს დამატებითი ტრანსფერი და დღეს შევთანხმდით ტექნიკურ დეტალებზე. თანხები მიიმართება მიზნობრივად, მათი ძირითადი ნაწილი მოხმარდება ქალაქის მეტროს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, მათ შორის, მოძრავი ინფრასტრუქტურის განახლებას. ამასთან, განსაზღვრულია თანხები თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციისთვის”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

უახლოეს დღეებში მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებაზე მუშაობა დასრულდება, რომელშიც შესაბამისი ცვლილებები აისახება და დოკუმენტი, კანონის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში გაიგზავნება.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, ცენტრალურ ხელისუფლებას, ფინანსთა სამინისტროს თანადგომისთვის, რადგან დაახლოებით, 60 მლნ ლარით გაიზრდება ბიუჯეტი 2018 წელს განსახორციელებელი პროექტებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის განვითარებისთვის და მიმართული იქნება კონკრეტულ პროექტებზე.

ესაა მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები, როგორც მეტროსადგურების, ისე მოძრავი შემადგენლობის განახლება, ასევე, თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია. 2018 წელი ჩვენი დედაქალაქისთვის იქნება განსხვავებული, რადგან ვიწყებთ იმ პროექტების განხორციელებას, რაც წინასაარჩევოდ იყო წარმოდგენილი ჩვენგან”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები