ეკონომიკა

საქართველოს მთავრობა თბილისს ფინანსურად დაეხმარება

27.11.17 21:00


საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თბილისის მერიისთვის დამატებით 60 მილიონი ლარი გამოიყოფა, აღნიშნულია ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

გადაწყვეტილება ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძისა და თბილისის მერის, კახა კალაძის შეხვედრაზე მიიღეს, როდესაც დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის ძირითადი პარამეტრები განიხილეს.

„ქალაქის მერიას აქვს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განსახორციელებელი 2018 წლისთვის. საქართველოს მთავრობამ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შეისწავლა აღნიშნული პროექტები და მიღებული გადაწყვეტილება, რომ 2018 წელს ქალაქ თბილისში განსახორციელებელი პროექტების ბიუჯეტი გაიზარდოს დაახლოებით 60 მილიონი ლარით", — განაცხადა ბახტაძემ.

მისი თქმით, ფინანსთა სამინისტროს დამატებითი ტრანსფერის განხორციელების შესაძლებლობა აქვს და მხარეები დღეს ტექნიკური დეტალების შესახებ შეთანხმდნენ.

გასულ კვირაში თბილისის საკრებულომ მერიისთვის დასამუშავებლად 2018 წლის ბიუჯეტის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. მანამდე ბიუჯეტის ხელახლა შემუშავების წინადადებით საკრებულოს დედაქალაქის ახალმა მერმა კახა კალაძემ მიმართა.

მერიამ ბიუჯეტის კორექტირებული პროექტი საკრებულოს უნდა დაუბრუნოს, რომელმაც ის მიმდინარე წლის 10 დეკემბრამდე უნდა დაამტკიცოს.

„დაახლოებით 60 მილიონით გაიზრდება ბიუჯეტი 2018 წლის განსახორციელებელი პროექტებისთვის და ეს მნიშვნელოვანია ქალაქისთვის ეს; თანხები იქნება მიმართული კონკრეტულ პროექტებზე. ეს არის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები — როგორც მეტროსადგურების, ისე ვაგონების განახლება. ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია. რაც გვქონდა წინასაარჩევნოდ გაჟღერებული, კონკრეტული პროექტების განხორციელება მოხდება", — აღნიშნა თავის მხრივ კალაძემ.

თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში 14 ნოემბერს შევიდა.

შემოსულობები და ასიგნებები, ორივე შემთხვევაში, გათვალისწინებულია 815,2 მილიონ ლარზე მეტი ოდენობით. ამავე დროს, ბიუჯეტის შემოსავლების პროგნოზია 763,7 მილიონზე მეტი ლარი, ხოლო ხარჯები — 587,3 მლნ ლარი.

ყველაზე დიდი თანხა — 47,9 მლნ ლარი გათვალისწინებულია საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და რემონტზე. ქალაქის კეთილმოწყობაზე — 26,9 მლნ ლარი, სკოლამდელი დაწესებულებების განვითარების ხელშეწყობაზე — 20 მილიონ ლარზე მეტი.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები