პოლიტიკა

ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავება - უკრაინის პრემიერი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა

27.11.17 21:30


საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, გმობს ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის და სევასტოპოლის ოკუპაციასა და ანექსიას.

აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უკრაინის პრემიერთან ვოლოდიმირ გროისმანთან შეხვედრისას გააკეთა და მადლობა გადაუხადა უკრაინას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.

უკრაინის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინა აფასებს საქართველოს მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერას და აღნიშნა, რომ საქართველო და უკრაინა მსგავსი გამოწვევების წინაშე დგანან.

"ჩვენ ვაფასებთ თქვენს სწრაფვებს და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ვიზიტები უფრო მეტ აქტივიზაციას მისცემს ჩვენს ურთიერთობებს",- აღნიშნა უკრაინის პრემიერმინისტრმა.

გიორგი მარგველაშვილმა ასევე კმაყოფილება გამოთქვა საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობების განსაკუთრებული ინტენსიფიკაციის გამო, რომელიც მაღალი დონის ვიზიტების განხორციელებაში გამოიხატება და ამ თვალსაზრისით, საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ვიზიტს, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში შედგა, წარმატებული სახელმწიფო ვიზიტი უწოდა.

შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე და საქართველოს ელჩი უკრაინაში გელა დუმბაძე ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველო- უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ჩვენი ქვეყნების საერთო ღირებულებებზე და ინტერესებზეა დაფუძნებული.

შეხვედრის განსახილველ საკითხთა შორის საქართველო-უკრაინას შორის პოლიტიკური, სავაჭრო - ეკონომიკური, ტურიზმის, განათლებისა და სხვა სექტორულ სფეროებში ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხები, მრავალმხრივი ურთიერთობების ფორმატში კი, საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის გააქტიურება და განვითარება იყო.

მხარეებმა განიხილეს ასევე ტურიზმის სფეროში ურთიერთობის გაღრმავების საკითხები და აღინიშნა, რომ ორივე ქვეყანას ამ სფეროს განვითარების უდიდესი პოტენციალი გააჩნია.

უკრაინა წლების განმავლობაში რჩება საქართველოს უმნიშვნელოვანეს სავაჭრო პარტნიორად და უკრაინა საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორებს შორის მე-5 პოზიციაზეა.

უკრაინის პრემიერმინისტრმა შეხვედრისას მწუხარება გამოთქვა 24 ნოემბერს, ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით და მისი და უკრაინის დელეგაციის სახლით სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები