პოლიტიკა

„ევროპული საქართველო’’ სუსის ხელმძღვანელს პარლამენტში იბარებს

27.11.17 21:45


პარტია „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის“ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, ვახტანგ გომელაურს პარლამენტში იბარებს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".

პარტიის ლიდერებს სუს-ის ხელმძღვანელთან კითხვები 22 ნოემბერს, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით აქვთ.

21-22 ნოემბერს თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში სპეცოპერაცია განხორციელდა, რომელიც 22 საათს გაგრძელდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია 1 ადამიანი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია. სპეცოპერაციისას დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი, ხოლო რამდენიმე დაშავდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებული ბრალდებულებიდან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია, რომლის გვარიც 2012 წლის ლაფანყურის ოპერაციაში ფიგურირებს.

პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის თქმით, აუცილებელია, საზოგადოებას ჰქონდეს პასუხები კითხვებზე, არის თუ არა ლიკვიდირებულებს შორის საერთაშორისო ტერორიზმში ბრალდებული ახმედ ჩატაევი და როგორ მოხვდა ის დაჯგუფების წევრებთან ერთად საქართველოში.

პარტია „ევროპული საქართველოს″ კიდევ ერთი წევრი ელენე ხოშტარია პარლამენტში იუსტიციის მინისტრის მისვლის აუცილებლობაზეც საუბრობს. მისი თქმით, ახმედ ჩატაევი ციხიდან მმართველმა გუნდმა პოლიტიკური მოტივით გაათავისუფლა. „აუცილებელია, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პასუხი გასცეს, თუ როგორ მოხდა ამ ძალიან საშიში დამნაშავის გაშვება მაშინ,“ — აცხადებს ხოშტარია.

ახმედ ჩატაევი 2012 წელს ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დააკავეს. მას ბრალი წარდგენილი ჰქონდა ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის. საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქვეყნის პროკურატურამ მას ბრალი მოუხსნა და თბილისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა.

ახმედ ჩატაევი, მეტსახელად „ახმედ ჩეჩენსკი“ ან „ცალხელა აჰმედი“, 1980 წელს დაიბადა ჩეჩნეთში. ის და რუსეთის კიდევ ორი მოქალაქე — ისლამ ათაბიევი და ზაურბეკ გუჩაევი გასულ წელს შეერთებულმა შტატებმა ანტიტერორისტული სანქციების სიაში შეიყვანა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები