ეკონომიკა

გაზაფხულიდან ფრენებს ახალი ქართული ავიაკომპანია დაიწყებს

22.02.18 15:00


ახალი ქართული ავიაკომპანია MyWay Airlines ჩარტერული რეისების განხორციელებას მარტის ბოლო – აპრილის დასაწყისიდან დაიწყებს რუსეთის, უკრაინის, ბელარუსის, ირანისა და ისრაელის მიმართულებით, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

MyWay Airlines ჩინურმა კომპანია Hualing Group–მა დააფუძნა. გასული წლის ნოემბერში ჩინეთიდან ქვეყანაში 43,4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ორი თვითმფრინავი იყო იმპორტირებული.

აფციაურის თქმით, შემდგომ განიხილება რეისების შესრულების შესაძლებლობა ევროპის ქვეყნებისა და არაბთა გაერთიანებული ემირატების მიმართულებით. მან ასევე აღნიშნა, რომ ავიაკომპანია მომხმარებელს მიმზიდველ ფასებს შესთავაზებს.

ამჟამად ქვეყანაში ერთადერთი ეროვნული ავიაგადამზიდავი Georgian Airways ფუნქციონირებს, რომელსაც თავდაპირველად Airzena ეწოდებოდა.

ავიაკომპანია Airzena 1993 წელს შეიქმნა. თავიდან ის ჩარტერულ რეისებს ახორციელებდა რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის, იტალიის, ეგვიპტის, ინდოეთის და გარდა ამისა, რეგულარულ ავიარეისებს – ავსტრიის მიმართულებით. 1999 წელს კი ავიაკომპანია საქართველოს ეროვნული გადამზიდავი გახდა.

2004 წელს ავიაკომპანიას Georgian Airways — „საქართველოს ავიახაზები" ეწოდა, თუმცა, დასახელება Airzena მოკლე საფირმო ნიშნის სახით დღემდე ფართოდ გამოიყენება.

კომპანია Hualing Group საქართველოს ტერიტორიაზე დიდ პროექტებს ახორციელებს. მან ქალაქის გარეუბანში ააშენა ოლიმპიური სოფელი ახალგაზრდული სპორტული ფესტივალისთვის Tbilisi 2015 და დღემდე განაგრძობს დიდი დასახლების მშენებლობას გარეუბანში.

Hualing Group–ის საქმიანობაში შედის ხე–ტყის დამზადება, ავეჯის წარმოება და საბანკო საქმიანობა (ჩინური მხარე ფლობს „ბაზის ბანკის" აქციების 90%-ს). დღეისათვის საქართველოში "ჰუალინგ ჯგუფში" შემავალი 15 კომპანია ოპერირებს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები