საზოგადოება

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბრაზილიელ კოლეგასთან ქვეყნებს შორის პარტნიორულ ურთიერთობაზე ისაუბრა

21.04.18 14:00


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ საქართველოსა და ბრაზილიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საღამოზე მოწვეულ სტუმრებს მინისტრის მოადგილემ მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა. დავით დონდუამ ქვეყნებს შორის ურთიერთობის გამყარებაში კულტურული დიპლომატიის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

"ჩვენმა ქვეყანებმა მოახერხა საერთო ღირებულებებზე, ურთიერთპატივისცემასა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე ურთიერთობის ჩამოყალიბება, რომლიც წლების განმავლობაში მჭიდრო პარტნიორობაში გადაიზარდა. ცოტა ხნის წინ, გაუქმდა ქვეყნებს შორის მიმოსვლის სავიზო რეჟიმი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ხალხთაშორის კავშირებს, სპორტულ, კულტურულ, სამეცნიერო-საგანმანათლებლო ურთიერთობებსა და ტურისტთა ნაკადების ზრდას", -აღნიშნა დავით დონდუამ.

ღონისძიებაზე სიტყვით ასევე წარსდგა საქართველოში ბრაზილიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სისერო მარტინს გარსია, რომელმაც ბრაზილიასა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე ისაუბრა.

"ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მალევე დავამყარეთ დიპლომატიური ურთიერთობები. საქართველოში ბრაზილიის საელჩო 2011 წელს გაიხსნა, ხოლო საქართველოს საელჩო ბრაზილიაში ერთი წლით ადრე. მუსიკა ძალიან კარგი გზაა ჩვენი მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობების გამოსახატავად და სწორედ აქედან მოდის დღევანდელი კონცერტის გაკეთების იდეა“-განაცხადა ბრაზილიის ელჩმა.

აღსანიშნავია, რომ დიპლოამტიური ურთიერთობების 25 წელთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ბრაზილიური კლასიკური მუსიკა.

მისასალმებელი მიმართვის დასრულებისას, მინისტრის მოადგილემ ბრაზილიის ელჩს საზეიმოდ გადასცა საქართველოს-ბრაზილიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის ნიმუში, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ფოსტის ხელშეწყობით გამოიცა.

ღონისძიებაზე თბილისის სიმფონიურმა ორკესტრმა, ვახტანგ კახიძის დირიჟორობით, შეასრულა ბრაზილიელი კომპოზიტორების მიერ შექმნილი ნაწარმოებები.

საზეიმო საღამო საქართველოში ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით, ჯ. კახიძის სახელობის თბილისის მუსიკისა და კულტურის ცენტრში გაიმართა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები