ეკონომიკა

კრედიტი ყალბი მონაცემების სანაცვლოდ: როგორ ატყუებენ საქართველოში ბანკებს

22.05.18 20:15


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე სამი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ორ შემთხვევაში ბრალდებულებმა კომერციულ ბანკებში განაცხადის შევსებისას საკუთარი ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყალბი მონაცემები მიუთითეს, თითქოს ისინი მუშაობდნენ სხვადასხვა კომერციულ სტრუქტურებში და იღებდნენ შესაბამის ანაზღაურებას. მესამე დაკავებულმა კი ბანკში ყალბი სახელფასო ცნობა წარადგინა.

სამივე ბრალდებულმა ბანკისგან საკრედიტო თანხა მიიღო და დავალიანება არ დაფარა.

„კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტი სხვადასხვა კომერციულ ბანკში დაფიქსირდა.

აღნიშნული სამი პირი დაკავებულია თბილისში. მათ განაცხადის შევსებისას მიუთითეს ყალბი მონაცემები საკუთარი ფინანსური მდგომარეობის შესახებ", განუცხადეს „Sputnik საქართველოს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით („ბანკისათვის ან სხვა კრედიტორისათვის სამეურნეო ან ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობის მიწოდება კრედიტის მიღების ან მისი ოდენობის გაზრდის ანდა შეღავათიანი კრედიტის მიღების მიზნით“), რაც ითვალისწინებს ორიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე საგამოძიებო სამსახურმა კრედიტის უკანონოდ მიღებასთან დაკავშირებით გამოძიება 43 ფაქტზე დაიწყო.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები