პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი: სომხეთის სტაბილურობა და დემოკრატიული განვითარება მნიშვნელოვანია საქართველოსთვის

30.05.18 18:30


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ორ მეგობრულ ერს-ქართველებსა და სომხებს - დამოუკიდებლობის გამოცხადების 100-წლის იუბილე კიდევ ერთხელ მიულოცა.

„ერთგვარად სიმბოლურია, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში სწორედ მაშინ განხორციელდა, როდესაც ჩვენ ერთსა და იმავე პერიოდში ვზეიმობთ ჩვენი რესპუბლიკების დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს და ორივე ქვეყნისთვის ეს ისტორიული მოვლენა სწორედ ჩვენს ქალაქში, თბილისში მოხდა.

ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ მოვულოცავ ორ მეგობრულ ერს გამორჩეულ თარიღს - დამოუკიდებლობის გამოცხადების 100-წლის იუბილეს. ასი წლის წინ ქართველმა და სომეხმა ხალხმა, მრავალი სირთულისა და გამოწვევის მიუხედავად, გამოავლინა განსაკუთრებული ბრძოლისუნარიანობა და მოახდინა განვითარების დემოკრატიული გზისადმი საკუთარი სწრაფვის მკაფიო დემონსტრირება“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან ხაზი გაუსვა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრობასა და კეთილმეზობლობის ტრადიციებს.

„ყოფილი საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, შესაძლებელი გახდა ნდობაზე დამყარებული ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარება.

სომხეთის სტაბილურობა და დემოკრატიული განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. სწორედ ამიტომ, საქართველოში დიდი გულისყურით ვაკვირდებოდით მეგობარ სომხეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც სომეხმა ხალხმა მსოფლიოს აჩვენა ერთიანობისა და დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულების სანიმუშო მაგალითი“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა სომეხ კოლეგას პრემიერად არჩევა მიულოცა:

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო ჩვენ ძვირფასს სტუმარს პრემიერ-მინისტრად არჩევა და ვუსურვო მას წარმატებები და მიღწევები ამ უაღრესად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.

პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ საქართველოს მთავრობის და პირადად ჩემს მზადყოფნას მომავალ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება განიხილეს.

„ხაზი გავუსვით ჩვენს მისწრაფებას, გვქონდეს ინტენსიური პოლიტიკური დიალოგი. შევეხეთ არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს. ასევე, ვისაუბრეთ თანამშრომლობის განვითარების ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტურიზმი, კულტურა, განათლება, ინოვაციები და ა.შ. მიუხედავად უკვე არსებული ინტენსიური თანამშრომლობისა, რა თქმა უნდა, არის გამოუყენებელი პოტენციალი არაერთი მიმართულებით.

ორმხრივი ურთიერთობების საკითხებთან ერთად, ყურადღება გავამახვილეთ საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებზე.

შეხვედრაზე, რა თქმა უნდა, ყურადღება დავუთმეთ რეგიონში არსებულ გამოწვევებს და ხაზი გავუსვით რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მნიშვნელობას.

გამოვხატეთ მზადყოფნა რეგულარული შეხვედრების გაგრძელებაზე, მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკის შენარჩუნებასა და ორი ქვეყნის დარგობრივ უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ხელშეწყობაზე“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები