პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე - რეიტინგებს გაზომავს არჩევნები

30.05.18 20:05


ჩვენთვის საინტერესოა საზოგადოებრივი აზრის თითოეული კვლევის შედეგები, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული, თუმცა უნდა ვთქვა ხაზგასმით, რომ შეფასების მთავარი ინსტრუმენტი არის არჩევნები და ის მხარდაჭერა, რომელსაც ამომრჩეველი არჩევნების გზითაც აფიქსირებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ IRI-ის კვლევის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ასევე იყო გარკვეული პროგნოზები თვითმმართველობის არჩევნების წინაც, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

„შესაბამისად, რეიტინგებს გაზომავს არჩევნები, რომლებიც არის შემოდგომაზე და შემდგომ საპარლამენტო არჩევნები. ასე, რომ დაველოდოთ არჩევნებს. ჩვენი საქმე არჩევნებამდე არის იმ პროექტების განხორციელება და დაპირებების შესრულება, რომლებიც მივეცით საზოგადოებას.

როდესაც ვსაუბრობთ კვლევის შედეგთა სანდოობაზე, მე შემიძლია ეს შედეგები შევადარო არჩევნების შედეგებს თუ ამ შედარებას გავაკეთებთ, აშკარა ხდება, რომ ეს რეიტინგები მთლად შესაბამისობაში არ არის რეალობასთან, რაც არჩევნებზე საზოგადოებამ ხმის მიცემით დააფიქსირა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

IRI-ის კვლევის თანახმად, კითხვაზე, შემდეგ კვირას საპარლამენტო არჩევნები რომ ტარდებოდეს, პირველ ადგილს 27 პროცენტით პარტია „ქართული ოცნება“ დაიკავებდა, - ამის შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული.

ამავე კვლევის თანახმად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 17 პროცენტს, ხოლო „ევროპული საქართველო“ 7 პროცენტს აიღებდა. რაც შეეხება სხვა პარტიებს, მათი სია ასე გამოიყურება: „ლეიბორისტული პარტია - 5 %; „პატრიოტთა ალიანსი“ - 4%; „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ - 3%; „ახალი საქართველო“ - 2%; „თავისუფალი დემოკრატები“ 1%; „გირჩი“-1%.

კვლევა ბალტიის კვლევების/გელაპის ორგანიზაციის მიერ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით ჩატარდა. მონაცემთა შეგროვება 2018 წლის 10-22 აპრილის შუალედში მოხდა და საარჩევნო უფლების მქონე 1500 საქართველოს მოქალაქე გამოიკითხა. ცდომილების ზღვარია +/- 2.5 პროცენტი.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები