საზოგადოება

ჭიათურაში დაგეგმილი გაფიცვა აღარ გაიმართება – კომპანია მუშებს ხელფასს 10%-ით უზრდის

04.06.18 16:45


ჭიათურაში დღეს დაგეგმილი გაფიცვა აღარ გაიმართება. როგორც საქართველოს პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გუშინ გვიან ღამით შპს “ჯორჯიან მანგანეზი-ს” ადმინისტრაციისა და ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის შეთანხმება შედგა.

მაღაროელები, შრომით-სამართლებრივ, შრომის პირობებთან და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების გარდა ხელფასების მატებას 30%-ით ითხოვდნენ, თუმცა, გუშინდელი მოლაპარაკების შედეგად კომპანია დასაქმებულებს ანაზღაურებას 10%-ით გაუზრდის. ხელფასების მატება 2018 წლის 1-ლი ივნისიდან დაიწყება.

“კომპანია, შემჭიდროვებულ ვადებში, პროფკავშირის ჩართულობით შეიმუშავებს საპრემიო დებულებას, რომელიც აგებული იქნება შემოსავლის ზრდის პრინციპზე და დაემყარება შრომის ნაყოფიერების და შესრულებული სამუშაოს ხარისხის ზრდის მაჩვენებლებს,” – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, პროფკავშირების ინფორმაციით, საწარმოო გეგმების დაკორექტირების პროცესში კომპანია უზრუნველყოფს პროფკავშირის და დასაქმებულთა წარმომადგენლების მაქსიმალურ ჩართულობას, რითაც უზრუნველყოფილი იქნება გამჭვირვალობა. ასევე კომპანია იღებს ვალდებულებას, რომ შექმნას გეგმის შესრულების ყოველდღიური კონტროლის ციფრული მექანიზმები, რაც უზრუნველყოფს დასაქმებულთა ვიზუალურ ინფორმირებას.

“2019 წლის იანვრის თვიდან მოხდება ზეგანაკვეთურ საათებში და სადღესასწაულო დღეებში მუშაობის ანაზღაურების ტარიფის ზრდის, გარკვეულ სადღესასწაულო დღეებში ფულადი საჩუქრის დაწესების და სხვა სოციალური ბენეფიტების დაწესების შესაძლებლობა,” – ვკითხულობთ განცხადებაში.





წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები