ეკონომიკა

საქართველოში მიწის რეფორმა გატარდება: პრემიერმა მთავრობის გეგმებზე ისაუბრა

28.06.18 15:00


საქართველოს სჭირდება მიწის რეფორმა, რათა განავითაროს სოფლის მეურნეობა და, შესაბამისად, ეკონომიკა, განაცხადა ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდის მოსახლეობასთან შეხვედრისას.

ამ სფეროში ბოლო სიახლე სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოეთის მოქალაქეებისთვის მიყიდვის აკრძალვა იყო. საქართველოს ხელისუფლება მრავალი წელია, გლეხებს ეხმარება მიწის დამუშავებაში, მავნებლებთან ბრძოლასა და მოსავლის რეალიზაციაში.

„ჩვენ აუცილებლად გვჭირდება მიწის ახალი რეფორმა, რადგან დღეს არსებული მდგომარეობა ვერ უზრუნველყოფს ჩვენი სოფლის მეურნეობის პოტენციალის სრულფასოვან ათვისებას", – განაცხადა ბახტაძემ.

მისი თქმით, მთავრობა მზად არის ყველაფერი გააკეთოს, რათა სოფლის მეურნეობის ბიზნესი მომგებიანი იყოს.

„ჩვენ გვჭირდება ახალი რეფორმა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, გადავიდეთ სრულფასოვანი მომგებიანი ეკონომიკური სექტორის შექმნაზე. დღეს, სამწუხაროდ, სოფლის მეურნეობის დიდ ნაწილში არის ისევ ნატურალური მეურნეობა და როდესაც ასეთ მნიშვნელოვან სექტორში ნატურალური მეურნეობა დომინირებს… რა თქმა უნდა, ეს იწვევს მხოლოდ სიღარიბეს", – განაცხადა პრემიერმა.

ზუგდიდის მოსახლეობასთან შეხვედრაზე ბახტაძე ასევე შეეხო თავის ბოლო ინიციატივას რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებლების დღგ–ისგან გათავისუფლების თაობაზე.

„ჩვენი გლეხები შეძლებენ, უფრო ძვირად გაყიდონ თავიანთი ნატურალური რძე და მიიღონ მეტი შემოსავალი, ხოლო ჩვენს მეწარმეებს საშუალება ექნებათ, რძის ფხვნილი ჩაანაცვლონ ნატურალური რძით", – აღნიშნა ბახტაძემ.

მისი თქმით, მთავრობის გეგმებშია ასევე ნატურალური წვენების დღგ–ისგან გათავისუფლება, რათა საქართველომ თავისი უნიკალური ორგანული პროდუქტების გამოშვება შეძლოს.

„ჩვენი ეკონომიკის ზომიდან და მცირემიწიანობიდან გამომდინარე, ჩვენი აქცენტი უნდა იყოს მაღალხარისხიანი ორგანული პროდუქტი. ჩვენ არ გვაქვს მასშტაბური წარმოების რესურსი, მაგრამ რასაც გავაკეთებთ, უნდა გავაკეთოთ უნიკალურად, ხარისხიანად და ისე, რომ ეს იყოს დამატებით შემოსავლის მომტანი თითოეული ჩვენგანისთვის, ჩვენი გლეხებისა და ფერმერებისთვის", – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

ბახტაძე საქართველოს მინისტრთა კაბინეტს 20 ივნისს ჩაუდგა სათავეში. თავისი მუშაობის მთავარ პრიორიტეტად მან ეკონომიკის განვითარება და სიღარიბესთან ბრძოლა დაასახელა და ამ მიმართულებებით მრავალი რეფორმის გატარების პირობა დადო.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები