ეკონომიკა

Fitch-მა საქართველოს შეუნარჩუნა საკრედიტო რეიტინგი „BB-” პოზიტიური პერსპექტივით

27.08.18 15:45


რეგიონში შექმნილი ეკონომიკური სირთულეების, ასევე, ზოგიერთ მეზობელ ქვეყანაში არსებული სავალუტო კრიზისის ფონზე, ავტორიტეტულმა საერთაშორისო საკრედიტო კომპანია Fitch-მა საქართველოს შეუნარჩუნა საკრედიტო რეიტინგი „BB-“ პოზიტიური პერსპექტივით. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოსთვის საკრედიტო რეიტინგის შეფასება, მნიშვნელოვანი გზავნილია ინვესტორებისთვის, ხელს უწყობს საქართველოს მიმართ ნდობის შენარჩუნებას და ეკონომიკის განვითარებას, რადგან სარეიტინგო კომპანიის ანგარიშში ხაზგასმულია ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე წლის დასაწყისიდან აღინიშნება. კერძოდ:

Fitch ხაზს უსვამს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან საქართველოს თანამშრომლობას და დადებითად აფასებს პროგრამის წარმატებით მიმდინარეობას.

სარეიტინგო კომპანია პოზიტიურად აფასებს ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოს, რომელიც „BB“ კატეგორიის ქვეყნების მაჩვენებელზე მაღალია. განსაკუთრებით, აღნიშნულია ის გარემოება, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აჩვენა საჯარო ფინანსების მიმართულებით.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვარში, ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის მიერ გამოქვეყნებულ „ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევა 2017-ის” შედეგებით, საქართველომ მე-5 ადგილი დაიკავა მსოფლიოს 115 ქვეყანას შორის და ახალ ზელანდიასთან, შვედეთთან და ნორვეგიასთან ერთად მოექცა სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სარეიტინგო კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, პოზიტიურად სახელდება ფისკალური დეფიციტის შემცირების ტენდენცია, რომელიც Fitch-ის პროგნოზით, 2018-2019 წლებში ქვეყანში 2.6%-მდე შემცირდება, რაც თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის კიდევ უფრო მეტი ფისკალური კონსოლიდაციის მიზნებთან, ისევე როგორც „BB“ რეიტინგის მქონე ქვეყნების მაჩვენებლებთან.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საკრედიტო კომპანიის ანგარიშში დადებითადაა შეფასებული ინფლაციის დონე და Fitch-ის პროგნოზი, თანხვედრაშია ქვეყნის ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან.

მსოფლიოში წამყვანი სარეიტინგო კომპანიის აღნიშნული ანგარიში, ადასტურებს წლის დასაწყისიდან ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ დადებით ტენდენციას და პოზიტიურად აფასებს იმ ფისკალურ პოლიტიკას, რომელიც ხორციელდება ქვეყანაში.





წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები