საზოგადოება

სუს-მა ირანის მოქალაქეების მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტები გამოავლინა

11.10.18 10:45


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საქართველოში მცხოვრები ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეების მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტები გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და ტარდებოდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები ე.წ. „ჰავალას“ მეთოდით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების გამოსავლენად, რაც გულისხმობს საქართველოდან ირანის ისლამური რესპუბლიკის საბანკო სისტემაში ფულადი გზავნილების განხორციელებას აღნიშნული საქმიანობისთვის საჭირო ნებართვის გარეშე, ქართული საბანკო სისტემის გვერდის ავლით. ფულადი თანხების კონვერტაციისა და გადარიცხვის განმახორციელებელი პირები აღნიშნული მომსახურების სანაცვლოდ დიდი ოდენობით შემოსავალს იღებდნენ.

მათივე ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსა და კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, თბილისში მდებარე, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეების ოფისებსა და საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩაატარეს, რის შედეგადაც ამოღებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხა, „შავი ბუღალტერია“ და ირანული წარმოების ტერმინალები, რითაც დადასტურდა გარემოება, რომ აღნიშნულ დაწესებულებებში ადგილი ჰქონდა უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტებს.

საქმეზე გამოძიება აქტიურად გრძელდება დანაშაულის ჩადენაში შესაძლო სხვა მონაწილე პირთა გამოვლენის მიზნით. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.





წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები