საზოგადოება

უცხოელებზე მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა შესაძლოა, ქართული ენის ცოდნის გარეშე აღარ მოხდეს

11.10.18 13:10


უცხოელებისთვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის წესი შესაძლოა, გამკაცრდეს.

აღნიშნულს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” კანონში ცვლილებები ითვალისწინებს, რომლის ინიციატორიც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობაა“.

კერძოდ, კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა აღარ მოხდება მხოლოდ 6 წლის განმავლობაში არსებული ცხოვრების დროებითი ნებართვის საფუძველზე. დამატებითი მოთხოვნის სახით ემატება სახელმწიფო ენის ცოდნა ელემენტარულ დონეზე, საქართველოში განხორციელებული ინვესტიცია ან საკუთრება მინიმუმ 200 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.

კანონპროექტის მიხედვით, ასევე, მკაცრდება საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემა.

კერძოდ, საინვესტიციო ვიზის მიღება შესაძლებელი გახდება შემდეგ ორ შემთხვევებში: თუ ინვესტორი შეიძენს საქართველოს სახელმწიფოს მიერ გამოცემულ არანაკლებ 400 000 აშშ დოლარის ღირებულების ექვივალენტ ლარში ხუთწლიანი ვადის მქონე სახაზინო ფასიან ქაღალდს და განახორციელებს 100 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტ ლარში ინვესტიციას ან თუ ინვესტორი განახორციელებს არანაკლებ 300 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტ ლარში ინვესტიციას (ეს არ უნდა იყოს საცხოვრებელი სახლის შეძენა) და მუდმივ სამუშაოზე დაასაქმებს საქართველოს არანაკლებ 8 მოქალაქეს. ასევე კანონპროექტი ითვალისწინებს მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის გაუქმებას, რომელიც გულისხმობს მოკლევადიანი ბინადრობის უფლების ინსტიტუტის გაუქმებას.

გარდა ამისა, დარეგულირდება უცხოელებისათვის შესათავაზებელი სპეციალობების/პროფესიების ნუსხა დასაქმების მიზნით. აღნიშნულ ნუსხას დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი და მისი შეთავაზება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი შრომითი კონტრაქტის მიღების სურვილს არ გამოთქვამს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე საქართველოს მოქალაქე.

კანონპროექტის ავტორების განმარტებით, საკანონმდებლო ინიციატივა ემსახურება ქვეყანაში შრომითი და მუდმივი ცხოვრების ნებართვების, აგრეთვე არალეგალური იმიგრაციის გამკაცრებას.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები