ეკონომიკა

საგარეო ბრუნვა: საქართველოს მორიგი რეკორდი

15.01.19 11:50


საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, 17%-ით გაიზარდა და დაახლოებით 12,5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), აღნიშნულია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.

ქართული პროდუქციის ექსპორტი 2018 წელს, 2017 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 22,9%-ით გაიზარდა და დაახლოებით 3,4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

ხოლო იმპორტმა 2018 წელს 9,1 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა, ანუ 14,9%-ით მეტი, ვიდრე 2017 წელს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ექსპორტის ზრდას რამდენიმე ფაქტორით, მათ შორის გასაღების ბაზრების გეოგრაფიის გაფართოებით ხსნის.

„საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტის შემდგომი ზრდის და დივერსიფიკაციის მიმართულებით. თავისუფალი ვაჭრობის სფეროში გაფორმებული ახალი ხელშეკრულებები ხელს უწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას, საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაციას და ქმნის საექსპორტო პოტენციალის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას", — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

თავისუფალი ვაჭრობა

საქართველო და ინდოეთი დაიწყებენ მოლაპარაკებებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ - კვლევამ აჩვენა, რომ თავისუფალი ვაჭრობა ორივე ქვეყნისთვის მომგებიანი იქნება, აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს 2019 წლის 12 იანვრის განცხადებაში.

საქართველომ უკვე მოაწერა ხელი შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან EFTA, თურქეთთან და ჩინეთთან და ჰონგ- კონგთან და ახორციელებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს იაპონიასთან და აშშ-თან.

უკვე დაწყებულია წინასწარი კონსულტაციები დიდ ბრიტანეთთან Brexit-ის შემდეგ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის თაობაზე შესაძლო მოლაპარაკებების შესახებ.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები